ვოლფგანგ ბორხერტი – მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება

ვოლფგანგ ბორხერტი – მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება

შენ, ქარხანაში მანქანასთან მომუშავე ადამიანო, თუ ხვალ ისინი გიბრძანებენ, რომ წყლის მილებისა და ქვაბების ნაცვლად ფოლადის მუზარადები და ტყვიამფრქვევები დაამზადო, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, დახლის უკან მომუშავე გოგონავ, ბიუროში მომუშავე გოგონავ, თუ ხვალ ისინი ყუმბარების დამზადებასა და სნაიპერის შაშხანებისთვის სამიზნეების დამაგრებას გიბრძანებენ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, ფაბრიკის მესაკუთრევ, თუ ხვალ ისინი გიბრძანებენ, რომ სურნელოვანი ფხვნილისა და კაკაოს ნაცვლად დენთი აწარმოო და გაყიდო, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, მკვლევარო ლაბორატორიაში, თუ ხვალ ისინი გიბრძანებენ, რომ აღმოაჩინო ახალი სიკვდილი ძველი სიცოცხლის წინააღმდეგ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, თბილად და მყუდროდ შინ დარჩენილო პოეტო, თუ ხვალ ისინი გიბრძანებენ, რომ სიყვარულის ნაცვლად სიძულვილს უმღერო, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, ექიმო ავადმყოფის საწოლთან, თუ ხვალ ისინი გიბრძანებენ, რომ მამაკაცები სამხედრო სამსახურისთვის ვარგისად ჩაწერო, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, კანკელთან საქადაგებლად გამოსულო მოძღვარო, თუ ხვალ ისინი სიკვდილის კურთხევასა და ომის სიწმინდედ გამოცხადებას გიბრძანებენ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, გემის კაპიტანო, თუ ხვალ ისინი ხორბლის ნაცვლად ზარბაზნებისა და ტანკების გადაზიდვას გიბრძანებენ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, პილოტო აეროდრომზე, თუ ხვალ ისინი ქალაქების თავზე ბომბებისა და ფოსფორის გადმოყრას გიბრძანებენ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, საკუთარ მაგიდასთან მომუშავე მკერავო, თუ ხვალ ისინი უნიფორმების შეკერვას გიბრძანებენ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, მოსამართლევ მანტიაში, თუ ხვალ ისინი ტრიბუნალში მონაწილეობას გიბრძანებენ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, რკინიგზელო, თუ ხვალ ისინი სამხედრო მატარებლებისთვის მწვანე შუქის ანთებას გიბრძანებენ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, წვევამდელო სოფლად და ქალაქად, თუ ხვალ ისინი მოვლენ და ომში გაწვევის ბრძანებას მოგიტანენ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, დედავ ნორმანდიასა თუ უკრაინაში 🇺🇦, სან-ფრანცისკოსა თუ ლონდონში, ხუანხესა თუ მისისიპის ნაპირას …

შენ, დედავ ნეაპოლსა თუ ჰამბურგში, ოსლოსა თუ კაიროში!

დედებო ყველა კონტინენტისა, მთელი მსოფლიოს დედებო, თუ ხვალ ისინი გიბრძანებენ, რომ გააჩინოთ ბავშვები, რომლებიც ომის ლაზარეთებისთვის მედიცინის დები და ახალი ბატალიონებისთვის ჯარისკაცები გახდებიან, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვით: არა!

რადგან თქვენ თუ „არას“ არ იტყვით, დედებო,

თქვენ თუ „არას“ არ იტყვით, მაშინ:

ხმაურიან, ორთქლში გახვეულ სანავსადგურო ქალაქებში გემები კვნესით დადუმდებიან, გიგანტური მამონტის გვამებივით იტივტივებენ წყალზე და დაცარიელებული სანაპიროს კედლებს მიეხეთქებიან; მათი ოდესღაც მოციმციმე სხეული დაიფარება წყალმცენარეებითა და მიდიებით, და აყროლდება მკვდარი, გახრწნილი თევზების სუნით.

ტრამვაის უსარგებლო და გაფუჭებული ვაგონები, როგორც უაზრო, ნათებადაკარგული, შუშისთვალა გალიები, ეყრებიან მავთულებისა და ლიანდაგებისგან დახლართული ფოლადის ჩონჩხების გვერდით, დამპალი და დახვრეტილი ჩარდახების ქვეშ, უკაცრიელ და ღრმულებით დაფარულ ქუჩებში.

სქელი, ტალახისა- და ტყვიისფერი სიჩუმე გავრცელდება ყველგან, გაიზრდება, ხარბად მიიტაცებს სკოლებს, უნივერსიტეტებს, თეატრებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს… საშინელი და გაუმაძღარი, შეუჩერებელი და აუტანელი სიჩუმე.

მზიანი და წვნიანი ყურძენი განადგურებულ ფერდობებზე დალპება, ბრინჯი გამომშრალ მიწაში გახმება, კარტოფილი მოუვლელ მდელოებზე გაიყინება, ძროხები კი თავიანთ მკვდარ ფეხებს, მწველავის ამოტრიალებული სკამის მსგავსად, ცისკენ მიმართავენ.

ინსტიტუტებში გენიალურ ექიმთა გამოგონებები განადგურდება, დალპება, დაობდება.

სამზარეულოებში, სარდაფებსა და სათავსოებში, საკუჭნაოებსა და საწყობებში ფქვილის უკანასკნელი ტომრები, მარწყვის უკანასკნელი ქილები, გოგრისა და ალუბლის წვენის ბოლო მარაგები მოისპობა.

წაქცეულ მაგიდებსა და დამსხვრეულ თეფშებზე პური გამწვანდება, დაღვრილ კარაქს ქონის საპნის სუნი აუვა.

გათელილი ჯარის მსგავსად, დაჟანგულ გუთანთან ერთად მიწაში ჩაიმარხება მარცვლეულის ყანა, ქარხანათა ოდესღაც მხჩოლავი საკვამურები ბალახით დაიფარება და დაიშლება, დაქუცმაცდება, განადგურდება.

და შემდეგ უკანასკნელი ადამიანი, დაგლეჯილი ნაწლავებითა და მოშხამული ფილტვებით, მარტო დარჩენილი უპასუხოდ იხეტიალებს მომწამვლელად მანათობელი მზისა და მობარბაცე ცის ქვეშ, იხეტიალებს აურაცხელ საფლავს შორის, რომელთა შეუმჩნევლობა შეუძლებელი იქნება. იხეტიალებს გიგანტური, ჩაბეტონებული, მიტოვებული ქალაქების კერპებს შორის!

და შემდეგ უკანასკნელ ადამიანს, გამოფიტულს, ჭკუიდან შემცდარს, თავბედდაწყევლილსა და მგლოვიარეს აღმოხდება საშინელი გოდება: რატომ?

და მხეცად ქცეული ადამიანის უკანასკნელი ცხოველური ამოძახილი უპასუხოდ გაქრება სტეპებში, უპასუხოდ გაიქროლებს ნანგრევებს შორის, უპასუხოდ ჩაიკარგება ეკლესიისგან დარჩენილ ქვის ყორეში, მიენარცხება ბუნკერის კედლებს და ჩაიძირება სისხლის გუბეებში.

ეს ყველაფერი მოხდება ხვალ, შეიძლება ამ ღამითაც მოხდეს, თუ შენ არ იტყვი „არას“!

ავტორის შესახებ: http://mastsavlebeli.ge/?p=31970

ქალაქ-სახელმწიფო, სადაც პოეზია, სილამაზე და ჯანმრთელობა ურჩევნიათ სიმდიდრეს

2021 წლის დასაწყისში გამომცემლობა „ალონმა“ გამოაქვეყნა მწერალ ნაირა გელაშვილის ახალი საბავშვო რომანი „ლურჯი სახლი ქალაქ ანთინარში“, რომელშიც ერთი საოცარი და განსაკუთრებული სახელმწიფოს, მისი ბინადრების ამბავია მოთხრობილი. თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის ზოგიერთი ნიმუშისგან განსხვავებით წიგნი ფანტასტიკური მოვლენებითა და არაამქვეყნიური ურჩხულებით არ არის გადატვირთული. ნაწარმოების მიზანი მხოლოდ ბავშვების გართობა და გამხიარულება არ გახლავთ. „ანთინარი“ არის ზღაპარი, რომელიც მკითხველს ასწავლის, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ქვეყანა, როგორ უნდა იმართებოდეს იგი, რა საყრდენებზე უნდა შენდებოდეს მისი საფუძველი და რა ტიპის შრომა და შემართებაა საჭირო ნორმალური სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად. მაშასადამე, ახალი რომანი „ბავშვებისთვის, მოზარდებისა და გაზრდილებისათვის“ ერთგვარ კომპასს წარმოადგენს, რომელიც უკეთესი სამყაროს ყველა მაძიებელს გზას უჩვენებს.

რითი არის გამორჩეული ქალაქი ანთინარი?

  • თვალხილული მშვენიერება

            თავდაპირველად ყურადღება ქალაქის გარეგნულ სილამაზესა და იერსახეზე გავამახვილოთ. ანთინარში ვერსად ნახავთ მაღალ კორპუსებს, რომლებიც „რქებით აწვებიან ბუნებას, ახშობენ ცას, მზეს, სივრცეს, ლამაზ ლანდშაფტებს“. თითოეულ სახლს ერთი ან ორი ბაღიანი ბანი და რამდენიმე რიკულებიანი აივანი მაინც ამშვენებს. ყველა სახლის კედელზე ვენახი ჰყვავის. შესაბამისად, ზღაპრის გმირები ანთინარს ხშირად უწოდებენ „ბანებიან-აივნებიან, ბაღ-სახურავებიან ქალაქ-ვენახს“. ქალაქის ცენტრში საოცარი შადრევანი ჩქეფს, რომელიც შესანიშნავი სპეციალისტის, დრეის დახმარებით დროდადრო სხვადასხვა ყვავილის (ვარდი, ზამბახი, ჩიტისთვალა) ფორმას იძენს. ქალაქის ცენტრი ოთხი მდინარისა და ოთხი ხეივნის გადაკვეთაზე მდებარეობს. მდინარეთა ადიდება მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, რადგან ქალაქის მშენებლებს ჭალებისთვის ხელი არ უხლით, სანაპიროზე უბნები არ გაუშენებიათ. მოვარდნილი წყალი მხოლოდ მიმდებარე ველებს რწყავს და მალევე უბრუნდება თავის კალაპოტს, დანამულ მინდვრებში კი სამკურნალო მცენარეები და ყვავილები ხარობენ. „მდინარეებში ხშირად დაინახავთ ფერად-ფერად ნავებს, რომლებშიც უმეტესად ახალგაზრდები სხედან და ენერგიულად უსვამენ ნიჩბებს“. მთავარი მოედნის უფრო მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა ძეველი კოშკია, რომელსაც ლურჯმტევნებიანი ვაზი ფარავს. კოშკს ვეება საათიც ამშვენებს, საათი ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან საიდუმლოს ინახავს.

ანთინარი პატარა ბორცვზე მდებარეობს, რომელსაც თავზე წმინდა მთა დაჰყურებს. წმინდა მთაზე კი სამი ტაძარი დგას, ერთი წითელ ვარდებშია ჩაფლული, მეორე -ყვითელში, მესამე კი თეთრში.

„ქალაქ-ვენახში“ სამეცნიერო დაწესებულებების, მუზეუმებისა და ხელნაწერთა ცენტრების გარდა, შეგიძლიათ დიდი მეფის, ჰერაკლიუსის სასახლესაც მიაკვლიოთ.

ანთინარს გარს აკრავს მდინარე ილიაზის ველი, რომელზეც „ვარდისა და ლავანდის, ჟოლოს, მოცხარისა თუ რეჰანის, ჩაისა თუ თუთიის, ზეთისხილისა  თუ მზესუმზირის პლანტაციებს, ვენახებსა და ყანებს“ ამომავალი მზე ახასხასებს ხოლმე. პლანტაციების ბოლოს, ქალაქ-სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალი სოფლების გადაღმა კი თოვლით დაფარული მწვერვალებია აღმართული.

ქალაქის სილამაზეს მოსახლეობის ერთი რწმენა-წარმოდგენაც განაპირობებს. ანთინარელები ფიქრობენ, რომ ცოტაოდენი კარნავალი ყოველთვის უნდა ახლდეს ცხოვრებას, ამიტომ ქუჩებში „ვიღაცები ულამაზეს თეთრ და წითელ ჩოხებში გამოწყობილან, ვიღაცას რომაული ტოგა მოუსხამს და ველოსიპედს მიაქროლებს… იქით კაფეში ეგვიპტელი ფარაონი და ესპანელი რაინდი სატაცურის სუპს მიირთმევენ …“. ქალაქის კარიბჭესთან, ვეება ლურჯ ლოდსა და ოქროსფერ დროშას შორის მდებარე უზარმაზარ ხეზე თუ აცოცდებით, ილიაზის ველის ზემოთ მოფარფატე თანამედროვე დირიჟაბლებსაც შეამჩნევთ, რომლის კალათებშიც მხიარული ადამიანები სხედან და სხვადასხვა ფერის ალმებს აფრიალებენ.

რატომ არის ანთინარი ასეთი განსაკუთრებული და მშვენიერი? მიზეზი მარტივია, „ქალაქ-ვენახის“ მოქალაქეები დედაბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობენ, ხელს არ უშლიან მის წიაღში მიმდინარე პროცესებს და ცდილობენ მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში, მინიმალური ძალისხმევით ჩაერიონ მთების, მდინარეების, ტყეების, ცხოველებისა და მცენარეების სიცოცხლეში. ქალაქის სილამაზის საფუძველი ბატონი დრეის მსგავსი პროფესიონალების ფანტაზია და ყველა ცოცხალი არსების მიმართ გამოხატული პატივისცემა  გახლავთ. ირგვლივ იშვიათად შევხვდებით გამორჩეულ მშვენიერებას, რომელსაც მემკვიდრეობა არ უმაგრებს ზურგს. წარმოიდგინეთ, რამდენი რამ დააკლდებოდა ბაღ-სახურავებიან დასახლებას, მის სულს დიდი ჰერაკლიუსის ძველი და მოკრძალებული სასახლის გარეშე.

მაშასადამე, დედამიწისა და სიცოცხლის სიყვარული, ფანტაზია და წარსულიდან მიღებული განძის მოვლა-პატრონობა ანთინარის სილამაზის ფორმულად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

  • ღირებულებითი საყრდენები

ანთინარი მალევე განადგურდებოდა და გავერანდებოდა, მის მაცხოვრებლებს თანამედროვე საქართველოში გამეფებული კულტურული თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტანდარტებით რომ ეხელმძღვანელათ. ქალაქ-სახელმწიფოს მშვენიერება მოქალაქეთა შინაგანი სამყაროს მრავალფეროვნებიდან და სიმდიდრიდან მომდინარეობს.

რა იდეების მიმდევარნი არიან ანთინარელები?

ნაირა გელაშვილი 1989 წელს გამოქვეყნებულ თავის ცნობილ წერილში „ტექნოკრატია, ეკოლოგია, პოეზია“ ორი დიდი გერმანელი შემოქმედის – ფრიდრიჰ ჰიოლდერლინისა და მარტინ ჰაიდეგერის ნაშრომების მოხმობით ამგვარ შეხედულებას აყალიბებს: „ძველი ადამიანი აღსავსე იყო მადლიერებით ამ დიდებული საჩუქრის, „უთვალავფერიანი ქვეყნის“ გამო, მადლის – ცოცხალი და ლამაზი სამყაროს გამო, რომელიც მას არ დაუმსახურებია, რადგან სამყარო მანამდე ებოძა კაცს, ვიდრე ის რაიმეს დაიმსახურებდა; რადგან ეს არის სწორედ ჭეშმარიტი საჩუქრის ანუ მადლის აზრი, რომ ის დამსახურების გარეშე ეძლევა ადამიანს, და მან ის მერე უნდა დაიმსახუროს: დააფასოს და გაუფრთხილდეს მას, ანუ მადლს მადლიერებით უპასუხოს.“ საქართველოს მწვანეთა მოძრაობის უმთავრეს მანიფესტში გამოთქმული მოსაზრება საბავშვო რომანში ხელახლა ცოცხლდება. სამყაროს შემქმნელის მიმართ სიყვარული, მის მიერ ბოძებულ საჩუქარზე ზრუნვა და დედამიწაზე მადლიერების გრძნობით ცხოვრება „ქალაქ-ვენახის“ ღირებულებათა სისტემის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.

მექსიკაში, „მესამე სამყაროს“ ქვეყნების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით გამართულ ერთ-ერთ კონფერენციაზე მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის დიდმა ევროპელმა მოღვაწემ, ბუნდესტაგის წევრმა პეტრა კელიმ ერთი ძალიან საინტერესო თეზისი გაახმოვანა. ქალმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ სოციალური მოძრაობების ამოცანა მხოლოდ ჩაგრული კლასებისა თუ ერების გულისტკივილის დღის სინათლეზე გამოტანა არ უნდა იყოს. კელი აღნიშნავდა: „მოძრაობა უნდა იქცეს მათ დამცველად, ვისაც საკუთარი ხმა არა აქვს, საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს, მათ შორის ვეშაპების, სპილოების, დელფინების, ამ პლანეტის მცენარეებისა და ყვავილების.“ სამი ათწლეულის წინ ნათქვამი ფრაზის შინაარსი დღემდე არ კარგავს აქტუალობას, რადგან განვითარებულ ქვეყნებს მას შემდეგ ბევრი არაფერი გაუკეთებიათ იმისათვის, რომ  ბუნება ადამიანის სიხარბისგან დაეხსნათ. საწინააღმდეგო ვითარებას ვაწყდებით ანთინარში. ქალაქ-სახელმწიფოში თავისი კუთვნილი ხმა აქვს ყველას, „ანთინარის მოქალაქეებად მხოლოდ ადამიანები კი არა, არამედ ცხოველებიცა და მცენარეებიც მიიჩნევიან“ და თანასწორი უფლებებით მონაწილეობენ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში. რატომ ათანასწორებენ ანთინარში ადამიანებს, ცხოველებსა და მცენარეებს? ბანებიან-აივნებიანი დასახლების კონსტიტუცია ვაჟა-ფშაველას პოეზიის ნიმუშებსაც აერთიანებს („ხევი მთას ჰმონებს, მთა ხევსა, წყალნი ტყეთ, ტყენი-მდინარეს“). მოქალაქეებმა იციან, რომ ყველანი ორგანულ მთლიანობას წარმოვადგენთ, ორგანული მთელის ნაწილი ვართ, საერთო წესრიგს ვექვემდებარებით და აქედან გამომდინარე, დამოკიდებულები ვართ ერთმანეთზე. მაშასადამე, სამყარო ერთი ოჯახია, ოჯახის ცალკეული წევრის დაზიანება კი ძირს უთხრის მთლიანობას.

საქართველოს განათლების სისტემის მესვეურთა მიერ სასკოლო პროგრამიდან ამოღებულ პოემაში „აჩრდილი“ ილია ჭავჭავაძე „შრომის სუფევას“ შესახებ წერს:

„და ამ ზვიადმა საუკუნემა

უნდა შვას იგი შრომის სუფევა,

წართმეულთ ნიჭთა კვლავ მოიპოვება,

სხვას ძირს არ დასწევ, თვით ამაღლდები,

არცვის ემონვი და არც იმონებ.“

ავტორი საუკუნის მისიად აცხადებს ნამდვილ ემანსიპაციას, დაქვემდებარებისა და ექსპლუატაციისგან გათავისუფლებას, შრომას, რომელიც ადამიანის თვითრეალიზებას ემსახურება. ილია ჭავჭავაძის „შრომის სუფევის“ კონცეფცია ხორცშესხმულია ილიაზის ველზე მდებარე სახელმწიფოს ყოველდღიურობაში: „ანთინარისათვის დაუშვებელია შრომა, რომელიც სულიერად ფიტავს და ფიზიკურად აავადებს ადამიანს. შრომას სიხარული უნდა მოჰქონდეს“.

            ანთინარის წეს-წყობილება არ არის აგებული მხოლოდ ჰუმანიტარული სამყაროს უდიდეს წარმომადგენელთა მსოფლმხედველობაზე. ნაირა გელაშვილის წიგნში მრავალგზის ვხვდებით ცნობილი სერბი ფიზიკოსის ნიკოლა ტესლას შეხედულებებს. მოგეხსენებათ, მეცნიერს მიაჩნდა, რომ სამყარო უშრეტი ენერგიის წყაროა, ადამიანს კი შეუძლია ენერგიის მიღება (მათ შორის კოსმოსიდან) ეთერის საშუალებით („ეთერის ჰიპოთეზა“). ცხადია, რომანში ტესლას თეორიის საიდუმლოება ამოხსნილი არ არის, მაგრამ ანთინარელები მხოლოდ მზის, ქარისა და განახლებადი ენერგიის სხვა წყაროებით სარგებლობენ, უარს ამბობენ შიდაწვის ძრავების გამოყენებაზე და სჯერათ, რომ მეცნიერება ადრე თუ გვიან გაიკვლევს გზას დიდი ბუნებისმეტყველის მიერ დასახული მიზნისკენ.

„ქალაქ-ვენახში“ ყველას სწამს, რომ განათლება და ჯანმრთელობა პრივილეგია არ უნდა იყოს. ცოდნის მიღებისა და ტკივილის გარეშე ცხოვრების უფლება ყველას აქვს. ანთინარში არ არსებობენ მიტოვებულები და უსახლკაროები. აქედან გამომდინარე, ბანებიან-აივნებიან, ბაღ-სახურავებიან რესპუბლიკაში საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, საავადმყოფოებსა და სანატორიუმებში ადამიანებსა თუ ცხოველებს უფასოდ ემსახურებიან, სამთავრობო საბინაო პოლიტიკის წყალობით კი ქალაქში ყველას ეგულება თავისი კერა.

საერთოდ, ანთინარი ზრუნვაზე დგას, მთავრობა მოქალაქეებზე ზრუნავს, მოქალაქეები კი ერთმანეთზე. ანთინარელები არ არიან ხარბები და ძუნწები, რადგან ხელმძღვანელობენ შოთა რუსთაველის აფორიზმით, მათი კონსტიტუციის უმთავრეს პარაგრაფს რომ წარმოადგენს „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“. „ქალაქ-ვენახში“ მტრობენ ეგოიზმს, მხოლოდ საკუთარი ბედნიერებისთვის თავგამოდებას, მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის ბრძოლას. აქ ფიქრობენ, რომ ნამდვილი სიხარული მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც შენი მოქმედებით სხვის გახარებას ახერხებ. ალბათ, ამიტომაც აწერია ქალაქ-სახელმწიფოს გერბს: „გაახარე, გაიხარე!“.

  • თანამედროვე ინსტიტუტები

ქვეყნად ბევრს უტრიალებს თავში ჰუმანისტური იდეები, ბევრი ახერხებს ბოროტისა და კეთილის ერთმანეთისგან გამიჯვნას, მაგრამ უჭირთ საკუთარი ღირებულებების სინამდვილეში დანერგვა. ანთინარი ამ მიმართულებითაც განსაკუთრებული ქალაქ-სახელმწიფოა, რომელიც თავისი კონსტიტუციის პრაქტიკული რეალიზებისთვის არაერთ თანამედროვე ინსტიტუტს ამუშავებს.

შეუძლებელია მოკრძალებულ მიმოხილვაში ყველა იმ მექანიზმზე საუბარი, რომლის შესახებაც ნაირა გელაშვილი თავის საბავშვო რომანში დაწვრილებით მოგვითხრობს. ანთინარის ირგვლივ მდებარე სოფლებში მოქმედებს „მწვანე უნივერსიტეტები“, სადაც სტუდენტებს ცოდნის მიღების გარდა, თავისუფალ დროს სასწავლებლის ტერიტორიების საკუთარი ნებისამებრ მოწყობა შეუძლიათ; თოვლიანი მთების ძირას გაშენებულია სანატორიუმები, რომლებიც მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და ხარისხიან დასვენებაზე ზრუნავენ; ქალაქის ერთ-ერთ უბანში მხოლოდ მეცნიერები ცხოვრობენ, რომლებიც თავიანთ ბიბლიოთეკებსა და ლაბორატორიებში დღენიადაგ იკვლევენ სახელმწიფოს განვითარების ხელშემწყობ სფეროებს; საათიანი კოშკი ყოველწლიურად მასპინძლობს ერთ ცნობილ მწერალს, რათა მან ქალაქის დახმარებით ახალი ნაწარმოებები შექმნას; ანთინარი ძალიან კარგად აფინანსებს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ხელოვნებასა და მის წარმომადგენლებს, რადგან „არ შეიძლება ადამიანს მხოლოდ გონება ჰქონდეს განვითარებული და სული გახევებული. ასეთი ადამიანი ქვეყანას სიკეთეს ვერ მოუტანს, გინდაც ამა თუ იმ დარგის ბრწყინვალე სპეციალისტი იყოს, რადგან ვერ იგრძნობს, თუ რას განიცდის მეორე ადამიანი“; ბაღ-სახურავებიანი ქალაქის შორიახლოს მდებარე სოფლებში აკრძალულია შხამ-ქიმიკატების გამოყენება და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი არაჩვეულებრივი მონდომებით ებრძვის არაორგანული სასუქების გავრცელებას; ქვეყანაში მხოლოდ 3-4 საათით მუშაობს ინტერნეტი, რათა ადამიანები ციფრულ სამყაროს სრულად არ მიეჯაჭვონ; ანთინარში აკრძალულია რეკლამების საშუალებით ხელოვნების ნაწარმოებთა დაქუცმაცება, უგემოვნო ბანერებით ქალაქის დამახინჯება და ა.შ.

ინსტიტუტების ვრცელი ჩამონათვალიდან ჩემი განსაკუთრებული ყურადღება ორმა მათგანმა მიიქცია.

ანთინარის შრომის კანონმდებლობა ოდნავ წააგავს და ათასგზის სჯობს სკანდინავიის ქვეყნებში დამკვიდრებულ წესრიგს. ნაირა გელაშვილის მიერ შექმნილ სამყაროში ფიქრობენ, რომ „ადამიანმა წელიწადის ყველა დრო უშუალოდ უნდა განიცადოს, რათა სიცოცხლის ნიუანსები იგრძნოს, რათა ჯანმრთელობა განიმტკიცოს, ბუნების ლამაზი სურათ-ხატები ჩაებეჭდოს სულში და ფანტაზია განუვითარდეს“. აქედან გამომდინარე, „ქალაქ-ვენახის“ მოქალაქეები წელიწადში სამჯერ ოც-ოცი დღით ისვენებენ. ევროპის ყველა განვითარებული ქვეყნის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, პოლიტიკოსების მთავარი დაპირება თითოეული მოქალაქისათვის მეტი თავისუფალი დროის უზრუნველყოფა გახლავთ. ანთინარში საკითხი გადაწყვეტილია და დავის საგანს აღარ წარმოედგენს. კონსტიტუციის მიხედვით, მოქალაქეები დღის განმავლობაში მხოლოდ 5 საათით შრომობენ, დანარჩენ დროს კი სხვებზე ზრუნვასა და საკუთარ ზრდაზე მუშაობაში ატარებენ. საოცარია!

თანამედროვე მსოფლიოს მოწინავე, ყველაზე ბედნიერი სახელმწიფოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა საშინაო შრომის, დედათა და ქალთა შრომის დაფასება გახლავთ. „დედა და შვილი, საერთოდ ოჯახი, ქალაქ ანთინარის მთავარი საზრუნავია“. აქ დედები ხელფასს ბავშვის აღზრდაში იღებენ, ვიდრე იგი 12 წლის არ გახდება. მათ შეუძლიათ ხელფასით თავიანთი დამხმარე ქალის შრომა აანაზღაურონ. ყველა დედას, თუ სურვილი აქვს შეუძლია დღეში რამდენიმე საათით დატოვოს ბავშვი და დრო სასწავლებელში ან სამსახურში, ბუნებაში ან მეგობრებთან ერთად გაატაროს. დაქორწინებამდე ოჯახის დეპარტამენტში სპეციალური გამოცდის ჩაბარება უწევთ პოტენციურ მამებსაც, რომელთაც ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდნენ ბავშვის მოვლა-პატრონობა, რათა ღირსეული როლი შეასრულონ მის აღზრდაში და გაიზიარონ დედათა ტვირთი. დედამიწის ზურგზე სადმე ასეთი მექანიზმი გინახავთ? თავად პრობლემის ამგვარ გადაწყვეტას არსად შევხვედრივარ.

  • მდიდარი წარმოება

გარეგნული მშვენიერების, ღირებულებათა სისტემისა და ადამიანების ბედნიერებაზე მომართული ინსტიტუტების აღწერის შემდეგ, ალბათ, ბევრმა იფიქრეთ, რომ ავტორი მართლაც უტოპიას, ზღაპარს გვიხატავს. მკითხველთა ნაწილი ივარაუდებს, რომ ანთინარი ძლევამოსილი ჯადოქრის დიდი გარჯის შედეგად შექმნილი პოლისია. არადა, არაფერია შეუძლებელია, თუ ზემოთ აღწერილი მსოფლმხედველობის საფუძველზე, ადამიანები თავდაუზოგავად და მუყაითად შრომობენ, ზრუნავენ ერთმანეთზე და სიმდიდრეს პოეზია, სილამაზე და ჯანმრთელობა ურჩევნიათ.

ანთინარი მწარმოებელი ქვეყანაა, რომელიც მზისა და ქარის ენერგიას ბლომად გამოიმუშავებს. ქალაქის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ფერადი ღილების, მინანქრის, ნაქსოვ-ნაქარგის, თიხისა და ხის სახელოსნოები. შორს აქვთ სახელი გავარდნილი „ქალაქ-ვენახის“ სამკერვალოებსა და აბრეშუმის ქარხნებს. სახელმწიფო გამოირჩევა კარგი ღვინისა და თაფლის, ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სამკურნალო მცენარეებისა და ბუნებრივი საპნების წარმოებით. ანთინარელებმა მოახერხეს სახელმწიფოს მთავარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სადარისის (არც თუ ისე შემთხვევითი სახელწოდებაა) ოქროს უძველესი მაღაროს დაკონსერვება, მის ირგვლივ კი კვლავ აგრძელებენ ძვირფასი ლითონების მოპოვებასა და დამუშავებას. ბანებიან-აივნებიანი, ბაღ-სახურავებიანი დასახლებისთვის დამატებითი შემოსავალი მოაქვთ მეცნიერებსა და მათ ლაბორატორიებს, სამკურნალო დაწესებულებსა და მეფე ჰერაკლიუსის სასახლეს. მოკლედ, სიმდიდრის შექმნა ყველა პატარა ქალაქშია შესაძლებელი, მთავარია მოქალაქეებმა მისი გულკეთილად განაწილება იცოდნენ და სხვების უბედურების ხარჯზე არ ცდილობდნენ საკუთარი ბედნიერების მიღწევას.

  • განსაკუთრებული რწმენა

ანთინარი მატერიალისტური ქალაქი არ გახლავთ. პატარა რესპუბლიკაში სჯერათ, რომ ამ სამყაროში მარტო არ არიან. ღმერთს ანთიანარელები „ა-ჰა“-ს უწოდებენ. რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი ვარაუდობს, რომ ამ სახელით ადგილობრივები სხვა სახელს ფარავენ, რადგან არ უნდათ მისი ხშირი და უაზრო ხსენება, ისინი უზენაესს უფრთხილდებიან. ილიაზის ველის მაცხოვრებლები ხის სამ პატარა, მრგვალ, სხვადასხვა ფერის ვარდებით დაფარულ ტაძარში ლოცულობენ. ყვითელი ვარდებით დაფარულ ტაძარში მეფე ჰერაკლიუსის თანამედროვე მისანს ძინავს და არავინ იცის, როდის გაიღვიძებს და რას იტყვის. ხალხი თაყვანისცემას ხეებისა და ყვავილების დარგვითა და გახარებით გამოხატავს.

 ანთინარელთა  ერთი განსაკუთრებული საიდუმლო ეს არის მთავარ მოედანზე მდებარე კოშკის უზარმაზარ საათში ჩამწყვდეული ბავშვი, რომელიც მხოლოდ პირველ საათზე ამოდის დღის სინათლეზე, რამდენიმე წამით დაენახება შეკრებილ ადამიანებს და სხვა არსებებს,  და კვლავ საათის სიღრმეში ბრუნდება.   პირველი საათის ბავშვი მარტოა, ყველას სიხარულს ანიჭებს, ვინც მას ელოდება. მას  შეუძლია მთელი ქალაქის, უფროსებისა და უმცროსების, კატებისა და მტრედების საერთო კეთილი მიზნით  გაერთიანება.  

დიდი მართლმადიდებელი მოძღვრის, ალექსანდრ მენის ერთ-ერთი წიგნი მრევლის წევრთა მიერ დასმულ კითხვებზე რუსი მოაზროვნის პასუხებს აერთიანებს (ალექსანდრე მენი (2012) შეკითხვები და პასუხები, კავკასიური სახლის გამომცემლობა). სასულიერო პირი თავისი დიდი ინტელექტისა და ღრმა რწმენის წყალობით მეტწილად წარმატებით ახერხებს საზოგადოების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას. პუბლიკაციაში ალექსანდრე მენმა მორწმუნეთა მხოლოდ რამდენიმე კითხვას ვერ გასცა პასუხი, მათ შორის ერთ-ერთი ამგვარად ჟღერდა: „რატომ კვდებიან ბავშვები?“. მღდვლის დუმილი დღემდე გულს მიკლავს.

ნაირა გელაშვილის რომანის „ლურჯი სახლი ქალაქ ანთინარში“ ბოლოს პირველი საათის ბავშვი ლურჯი ჭია-მაიას მსგავსი ხომალდით დედამიწიდან პლანეტა სირიუსზე მიემგზავრება. მის წასვლას მხოლოდ სევდა არ მოჰყოლია, ბავშვმა ქალაქს განსაკუთრებული საჩუქარი დაუტოვა და დადო პირობა, რომ ოდესღაც უკან დაბრუნდებოდა. ამასთანავე, იდუმალებით მოცული არსების გამგზავრების შემდეგ ასობით წლის წინ ჩაძინებულმა მისანმა გაიღვიძა, რომელმაც  ყველა ცოცხალ არსებასა და დედამიწაზე მზრუნველ ქალაქს უდიდესი ბედნიერების მომტანი წინასწარმეტყველება გაუმხილა. თეთრი ვარდებით დაფარულ ტაძრში გადანაცვლებულმა ქალმა ხალხს ამცნო: „ანთინარში ბავშვები აღარ დაიხოცებიან“. ამაზე დიდი მადლი, ალბათ, დედამიწის ზურგზე არ არსებობს.

პირველი საათის ბავშვის ასეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა, მისი წყალობით დამოაშკარავებული ამბები მიმტკიცებს რწმენას იმის შესახებ, რომ ამ პერსონაჟს ბევრი რამ აქვს საერთო მატერიალურ და არამატერიალურ სამყაროებს შორის შუამავალთან.

  • კეთილი მმართველი

წერილს ისე ხომ არ დავამთავრებ, რომელიმე მთავარ პერსონაჟზე აქცენტი რომ არ დავსვა? ყველა საქმეს მოთავე და პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზატორი სჭირდება. წიგნის ყველაზე შთამბეჭდავ ფიგურად ქალაქის მერი ანსელ მერმისიო მიმაჩნია. იგი ყველა იმ თვისებით არის აღჭურვილი, რომელიც ღირსეულ მმართველს უნდა ახასიათებდეს. ის შეყვარებულია, შეყვარებულია ერთ კონკრეტულ ადამიანზეც, თავის თანამოქალაქეებზეც და მთელ პოლისზეც. შეუძლია ფანქრით ხელში მიაკითხოს ყვავილებსა და ხეებს, მოისმინოს მათი საჭიროებები და ეცადოს პრობლემების გადაწყვეტას. მერმისიო რეპრესიების ნაცვლად ყოველთვის მოლაპარაკებების გზას ირჩევს, ცდილობს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში რაც შეიძლება მეტი არსება ჩართოს. შესანიშნავი ქალაქის თავს მუდმივი კავშირი აქვს ღვთის ნამდვილ მსახურებთან. საგულისხმოა, რომ ბ-ნი ანსელი ადგილობრივი არ არის, სხვა კუთხიდან ჩამოვიდა ილიაზის ველზე და მაინც მოახერხა უცხო მხარის თავდავიწყებით შეყვარება. მდიდარ კაცს თავისი განძის გაორკეცებაზე არ უფიქრია, პირიქით, მან ოჯახის ქონების სოლიდური ნაწილი მეორე სახლად ქცეულ „ქალაქ-ვენახსა“ და მის განვითარებას შესწირა. ალბათ, ყველა ნამდვილი ლიდერის მახასიათებელი უნდა იყოს ოპტიმიზმი და ჭეშმარიტ წინამძღოლს მერმისიოს მსგავსად არ უნდა უჭირდეს შემდეგი სიტყვების წარმოთქმა: „შეუძლებელი არაფერია!“

დასკვნის მაგიერ

არ არსებობს სიკეთე წინააღმდეგობის გარეშე. დიდებულ ანთინარს თანამედროვე მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობი მეთოდით მტრობენ. ალბათ, შეგიმჩნევიათ, როგორ ებრძვიან დედამიწაზე გაბატონებული ბოროტი ძალები სინათლის ყველა გამოვლინებას. ისინი ცდილობენ, ალტერნატივები მიჩქმალონ ან არარეალურ ოცნებებად გამოაცხადონ, მათ შესახებ არ ისაუბრონ, გაუდაბნოებული პლანეტის ოაზისებში არეულობები და გადატრიალებები მოაწყონ. მაგალითად, 2019 წელს ასე მოექცნენ ბოლივიის ინდიელ პრეზიდენტს ევო მორალეს, რომელიც ნეოლიბერალურ წესებს არ დაემორჩილა. გლობალური კაპიტალიზმის მსახურები მის წარმატებებზე ხმას არასდროს იღებდნენ, თითქოს ქვეყანა რუკაზე არც არსებობდა, მოგვიანებით დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი დაამხეს, ქვეყნიდან გააძევეს. თუმცა, ხუნტის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. ერთ წელიწადში ევო მორალესის ძალა კვლავ ტრიუმფით დაბრუნდა ხელისუფლებაში.

წიგნშიც დაახლოებით ასე ხდება. ქვეყნები, რომელთაც არ სურთ ანთინარში შექმნილი წესრიგის მთელ მსოფლიოში გავრცელება, შიდა არეულობებს უწყობენ მერმისიოს მთავრობას და მსოფლიოს რუკებიდან შლიან  მის ადგილმდებარეობას. მაგრამ ლიტერატურის მოყვარულებს გაგვიმართლა, ნაირა გელაშვილმა თავისი რომანის სახით რუკა გამოგვიგზავნა, რომლითაც ჩვენც შეგვიძლია ბანებიან-აივნებიან, ბაღ-სახურავებიან ქალაქ-ვენახს მივაკვლიოთ.

ცხადია, რიგითი პოლიტოლოგი მრავალშრიანი ლიტერატურული ნაწარმოების ყველა ღირშესანიშნავ დეტალზე ყურადღებას ვერ გავამახვილებდი. შევეცადე ჩემთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ მომეთხრო თქვენთვის. ბევრი რამ, ალბათ, გამომრჩა, ამიტომ წიგნი თავად უნდა წაიკითხოთ და დატკბეთ იუმორის, ღრმა აზრისა და მხატვრულობის ბედნიერი თანაარსებობით. რაც მთავარია,  ნაწარმოების ყველა მკითხველი დაინახავს, რომ   „კარგი ქვეყნის“ ასაშენებლად ჯადოქრობა არ არის აუცილებელი. ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანები პატიოსნად იშრომებენ, იზრუნებენ ერთმანეთსა და სასიცოცხლო სივრცეზე და პოეზიას, სილამაზესა და ჯანმრთელობას სიმდიდრეზე გაცილებით დიდ მნიშვნელობას მიანიჭებენ. ცხადია,  ასეთი ქალაქ-სახელმწიფო ჰარმონიაში იქნება სამყაროსთან და მის შემოქმედ ძალებთან, რაც, როგორც ნაწარმოები მიგვანიშნებს, ადამიანთა სიმშვიდისა და სიხარულის საფუძველია.   

ლევან ლორთქიფანიძე

ბუნდესტაგის არჩევნები 2021

კონგოს პრემიერ-მინისტრის – პატრის ლუმუმბას მიერ წარმოთქმული სიტყვა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების ცერემონიაზე (30 ივნისი, 1960 წელი)

პატრის ლუმუმბამ სიტყვა წარმოთქვა ბელგიის მეფის – ბოდუენ პირველისა და პრეზიდენტ კასავაბუს გამოსვლების შემდეგ. პირველმა მათგანმა აფრიკაში ევროპელთა ცივილიზატორულ საქმიანობასა და მიღწევებზე დასვა აქცენტი, მეორემ კი ქვეყნის მომავალზე ძალიან ზოგადად ისაუბრა. პატრის ლუმუმბას გამოსვლა პროტოკოლით არ იყო გათვალისწინებული.

„ძვირფასო დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებო, გამარჯვებულო მებრძოლებო, მოგესალმებით კონგოს მთავრობის სახელით.

თქვენ ყველას, ადამიანებს, რომლებიც დაუღალავად იბრძოდით ჩვენთან ერთად, ჩვენს მხარეზე, გთხოვთ, 1960 წლის 30 ივნისი აქციოთ ღირსშესანიშნავ თარიღად, თარიღად, რომელსაც წარუშლელად ამოტვიფრავთ და შეინახავთ თქვენს გულებში; რომლის შესახებაც მოუყვებით თქვენს შვილებს, რათა მათ თავიანთ შვილებსა და შვილიშვილებს გაუზიარონ ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის დიდებული ისტორია.

არც ერთი კონგოელი, რომელიც ამ სახელს იმსახურებს, არასდროს დაივიწყებს, რომ კონგოს დამოუკიდებლობა ბრძოლაში გამარჯვების შედეგად მოვიპოვეთ. კონგოს დამოუკიდებლობას დღეს ბელგიასთან ერთად ვზეიმობთ, რომელიც მეგობარი ქვეყანაა და თანასწორუფლებიანი პირობებით თანამშრომლობს ჩვენთან. დამოუკიდებლობის ბრძოლა დღიდან დღემდე გრძელდებოდა, ეს იყო ცეცხლოვანი და იდეალისტური ბრძოლა, რომლის მიმდინარეობისას ჩვენ ვიტანდით ყოველგვარ გასაჭირსა და ტანჯვას; რომლისთვისაც არ ვზოგავდით ჩვენს სისხლსა და ძალას.

არსების სიღრმემდე, სულის სიღრმემდე ვამაყობთ ამ ბრძოლით, ცრემლებით, ცეცხლითა და სისხლით, რადგან გამოვიარეთ კეთილშობილური და სამართლიანი ბრძოლა, რომელიც გარდაუვლად აუცილებელი იყო ძალით თავსმოხვეული, დამამცირებელი მონობის დასასრულებლად.

ოთხმოცწლიანი კოლონიური რეჟიმის დროს ჩვენი ბედი უმძიმესი იყო. ჩვენი ჭრილობები იმდენად ღია და ტკივილის მომგვრელია, რომ მათი მეხსიერებიდან განდევნა შეუძლებელია. ჩვენ ვისწავლეთ სულიერი და ფიზიკური ძალების დამშრეტი შრომა, ჩვენ ვალდებულნი ვიყავით გვეშრომა დამამცირებელი ანაზღაურების ფასად. ანაზღაურება საშუალებას არ გვაძლევდა თავი დაგვეღწია შიმშილისთვის, ნორმალურად ჩაგვეცვა და ღირსეულად გვეცხოვრა, აღგვეზარდა შვილები, როგორც ოჯახისთვის საყვარელი არსებები.

კოლონიური მმართველობის პერიოდში ჩვენ შევიცანით თუ რა არის დაცინვა, შეურაცხყოფა და ცემა. ვალდებულნი ვიყავით აგვეტანა არაადამიანური მოპყრობა მხოლოდ იმიტომ, რომ შავები ვართ. ვინ დაივიწყებს, რომ „შენ“ ნაცვალსახელით მხოლოდ შავკანიანებს მოიხსენიებდნენ. ამას აკეთებდნენ არა იმიტომ, რომ ვინმეს მეგობრად მივაჩნდით, არამედ იმიტომ, რომ „თქვენ“, ზრდილობიანი და პატივისცემის გამომხატველი მიმართვის ფორმა მხოლოდ თეთრებისთვის იყო განკუთვნილი.

ჩვენ ვნახეთ, როგორ იყოფოდა და ნაწილდებოდა ჩვენი მიწა ერთი შეხედვით სამართლიანი კანონებისა და წესების მიხედვით, რომლებიც სინამდვილეში მხოლოდ ამა ქვეყნის ძლიერთა ინტერესებს, უფლებებს იცავდნენ და გამოხატავდნენ.

ჩვენ ვნახეთ, რომ კანონი არ არის ერთი თეთრებისთვის და შავებისთვის – პირველთათვის კომფორტული და ხელსაყრელი, მეორეთათვის სასტიკი და არაადამიანური აღმოჩნდა.

ჩვენ ვიხილეთ საკუთარი რელიგიური ან პოლიტიკური რწმენის გამო გასამართლებული ადამიანების ტანჯვა და წამება. ისინი თავიანთივე ქვეყანაში იყვნენ დევნილნი, მათი ბედი სიკვდილზე უარესი გახლდათ.

ჩვენ ვიხილეთ, ქალაქებში აშენებული დიდებული სახლები, რომლებშიც მხოლოდ თეთრები ცხოვრობდნენ და დანგრევის პირას მყოფი ქოხები, სადაც აფრიკელები სახლობდნენ. არც ევროპელთა კონოთეატრებში, არც რესტორნებში, არც მაღაზიებში ადგილობრივებს არ გვიშვებდნენ. გემით მოგზაურობის დროსაც ადგილს ხომალდის ჯურღმულებში, თეთრების მდიდრული კაიუტების ფერხთით, ფეხქვეშ მიგვიჩენდნენ ხოლმე.

ვინ დაივიწყებს ან იმ ხოცვა-ჟლეტას, რომელშიც ჩვენი უამრავი და-ძმა დაიღუპა, ან იმ დილეგებს, სადაც ყრიდნენ ადამიანებს, რომლებიც მჩაგვრელი რეჟიმის მორჩილებაზე უარს ამბობდნენ?!

ძმებო, ჩვენ ამ ყველაფერს გავუძელით, ჩვენ ეს ყველაფერი გადავიტანეთ.

ადამიანები, რომლებმაც თქვენ მიერ არჩეული წარმომადგენლების ხმათა წყალობით ჩვენი ძვირფასი ქვეყნის მართვის უფლება მივიღეთ; რომლებმაც საკუთარი სხეულითა და სულით შევიგრძენით კოლონიური ჩაგვრის მტანჯველი ძალა, ძალიან ხმამაღლა ვაცხადებთ – ყველაფერი დასრულებულია, კონგოს რესპუბლიკა გამოცხადებულია და ჩვენი ქვეყანა მისი შვილების ხელშია.

ჩვენ ერთად ავაშენებთ სოციალურ სამართლიანობას და ყველა მოქალაქისთვის უზრუნველვყოფთ ღირსეულ, სამართლიან ანაზღაურებას პატიოსანი შრომისათვის.

ჩვენ ვაჩვენებთ მსოფლიოს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ აფრიკელებს, როდესაც მშვიდობიანად შრომობენ. ჩვენ კონგოს ვაქცევთ მზის კაშკაშა სხივების შეკრების ადგილად მთელი აფრიკისათვის.

ჩვენ თვალყურს მივადევნებთ, რომ ქვეყნის მიწებით, მისი სიმდიდრით ნამდვილად ისარგებლონ ამ მიწის შვილებმა. ჩვენ აღვადგენთ ტრადიციულ კანონებს და ამასთანავე დავამკვიდრებთ ახალ, სამართლიან და კეთილშობილურ წესებს.

ჩვენ შევწყვეტთ გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას და უზრუნველვყოფთ, რომ ყველა მოქალაქემ სრულად ისარგებლოს ადამიანის უფლებათა დეკლარაციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებებით.

ჩვენ არ ვაპირებთ მართვას იარაღისა და ხიშტის ძალით დამყარებული მშვიდობის პირობებში. ჩვენ ვაპირებთ მართვას გულისა და ნების შედეგად დამკვიდრებული მშვიდობით.

ძვირფასო თანამემამულენო, დარწმუნებულნი უნდა იყოთ, რომ მიზნების მიღწევის საქმეში მხოლოდ ჩვენი უზარმაზარი ძალისხმევისა და სიმდიდრის იმედად არ უნდა ვიყოთ. ჩვენ გვექნება არაერთი უცხო სახელმწიფოს მხარდაჭერაც, რომლებთანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითანამშრომლებთ, თუ მხარეთა თავისუფალი ნება იარსებებს და გამორიცხული იქნება სხვა კულტურის ზეწოლის, თავსმოხვევის საფრთხე.

გაუმარჯოს დამოუკიდებლობასა და აფრიკის ერთიანობას! გაუმარჯოს დამოუკიდებელ კონგოს“

გამოსვლა ითარგმნა მთიან რაჭაში, ონის რაიონის სოფელ ღებში, გოჩა ლობჟანიძის ოჯახში, სადაც შესანიშნავი გარემო გახლდათ შექმნილი აფრიკის გათავისუფლებაზე მსჯელობისათვის. გერმანულიდან თარგმნა ლევან ლორთქიფანიძემ.

გრეგორ გიზი: „ვინც ისრაელის დროშებს წვავს, ის მემარცხენე არ არის“.

პარტია Die Linke-ს (მემარცხენეთა პარტია) საგარეო პოლიტიკის საკითხებზე პასუხიმგებელი ლიდერი გრეგორ გიზი გერმანიის ფედერალური ხელისუფლებისგან ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში შუამოვლობას მოითხოვს, ასევე მოუწოდებს მთავრობებს აწარმოონ მოლაპარაკებები შედარებით უფრო ზომიერ პალესტინურ ორგანიზაცია „ფათაჰთან“ (პარტიის ლიდერია პალესტინის ადმინისტრაციის ამჟამინდელი მეთაური, 85 წლის მაჰმუდ აბასი). გიზი უმკაცრესად გმობს უკანასკნელ პერიოდში გერმანიაში დაწყებულ ანტისემიტურ პროტესტს.

ცნობები გიზის ბიოგრაფიიდან: დაიბადა 1948 წელს ბერლინში, ბუნდესტაგის მემარცხენე ფრაქციაში მუშაობს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. გდრ-ის ეპოქაში იყო ადვოკატი, გახლდათ სოციალისტური ერთიანობის პარტიის უკანასკნელი, ე.წ. რეფორმატორი თავმჯდომარე. სათავეში ედგა დემოკრატიული სოციალიზმის პარტიას, Die Linke-ს ფრაქციას საკანონმდებლო ორანოში. ეკავა ბერლინის ვიცე-მერის თანამდებობა.

______

Der Spiegel: ბატონო გიზი, ცოტა ხნის წინ ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის დაახლოების პროცესების დაწყებამ და აშშ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევამ ახალო აღმოსავლეთის კონფლიქტის განმუხტვის იმედს საზრდო მისცა. როგორ ხსნით, რომ მიუხედავად ყველაფრისა ვითარების ესკალაცია მაინც ახლა მოხდა?

გიზი: საქმე გვაქვს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სისუსტეებთან, რამაც იერუსალიმის პალესტინური უბნის გასახლების განზრახვამდე მიგვიყვანა. უბანი პალესტინელებს 1956 წელს გაეროს ეგიდით და იორდანიის დაცვის გარანტიებით გადაეცათ. ნეთანიაჰუ ამტკიცებს, რომ მაშინ მიწის საკადასტრო დოკუმენტები არ შეცვლილა, შესაბამისად, მოსახლეობის ნაწილი კვარტლიდან უნდა აიბარგოს. მაგრამ სად უნდა წავიდნენ ახლა იქ მცხოვრები არაბები? ამგვარი მცდარი პოლიტიკის საშუალებით იძაბება სიტუაცია საზოგადოებაში, აალდება ხოლმე პალესტინელთა განწყობები.

Der Spiegel: თქვენ გაგებით ეკიდებით „ჰამასის“ (ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული დაჯგუფება, რომელიც აკონტროლებს ღაზას სექტორს, აქვს თავისი პარტიული დანაყოფი) სარაკეტო თავდასხმებს?

გიზი: არა, ცხადია არა. „ჰამასის“ თავდასხმები ისრაელზე საერთაშორისო სამართლის მიხედვით მიუღებელია. მაშინაც კი, თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ომი მიმდინარეობს, დასაშვებია მხოლოდ სამხედრო სამიზნეების დაბომბვა და არა სამოქალაქო ობიექტების განადგურება. „ჰამასი“ ისვრის რაკეტებს ისრაელის მიმართულებით და არ ითვალისწინებს შესაძლო მსხვერპლს მშვიდობიან მოქალაქეთა შორის.  ასევე საერთაშორისო სამართლით გაუმართლებელია, როდესაც ისრაელი ბომბავს ღაზის ბიუროებსა და ნაგებობებს, სადაც უცხოელი ჟურნალისტები მუშაობენ და ცხოვრობენ.

Der Spiegel: ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ თქვენ მიერ ნახსენებ შენობებში „ჰამასს“ „სამხედრო რესურსები“ ჰქონდა მობილიზებული. ამასთანავე ისრაელმა იქაურები გააფრთხილა თავდასხმის შესახებ …

გიზი: … დიახ, გააფრთხილა, რადგან იქ საერთაშორისო პრესა მუშაობს. რიგითი პალესტინელების შემთხვევაში ასე არ ხდება ხოლმე, რადგან მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად „ჰამასის“ მებრძოლებსაც არ მიეცეთ დასაბომბად განწირული სახლის დატოვების შანსი. რამდენიმე ტერორისტის განეიტრალების მიზნით შეიძლება ათობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს შეუქმნან საფრთხე.

მიუხედავად ყველაფრისა, ასეთი შენობის დაბომბვის გამართლება მაინც შეუძლებელია. თან საეჭვოა ისიც, ინახავდნენ თუ არა დაწესებულებაში „ჰამასის“ წევრები „სამხედრო რესურსებს“.

Der Spiegel: წინა კვირას თქვენ ახსენეთ „ფათაჰი“, იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პარტია, რომელიც „ჰამასის“ წინააღმდეგ აწარმოებს ბრძოლას პალესტინის ხელისუფლებისათვის. თქვენი ბრალდება იყო, რომ ისრაელმა არ მიიღო „ფათაჰის“ შეთავაზება მოლაპარაკებების თაობაზე. არადა, ნეთანიაჰუ წლების განმავლობაში მოითხოვდა მოლაპარაკებებს და „ფათაჰის“ ლიდერი მაჰმუდ აბასი არ მოდიოდა პრემიერ-მინისტრის წინადადებაზე.

გიზი: სინამდვილეში აბასმაც მოითხოვა მოლაპარაკებები. თავად ვიყავი ამაში ჩართული. აბასის პირობა იყო, რომ აშშ-ისა და ისრაელის მთავრობების გვერდით დისკუსიებში მონაწილეობა მიეღო გაეროს უსაფრთხოების საბჭოს კიდევ ერთ წევრს, რუსეთს. ამაზე ისრაელი და ამერიკა, რომლის პრეზიდენტიც მაშინ დონალდ ტრამპი გახლდათ, არ წამოვიდნენ. ანექსიის გეგმებიც გადაიდო, რადგან ისრაელმა და არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს. აბასმა პირადად მითხრა, რომ მას სჭირდება მიზანი ამგვარი მოლაპარაკებების წარმოებისათვის ისრაელთან. დისკუსიის საფუძველი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ის, თუ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს რამდენი პროცენტი უნდა იყოს იურიდიულად ანექსირებული ისრაელის მიერ. ანექსიის ცნობაზე პალესტინელები არ მოდიან.

Der Spiegel: მაშინ, როდესაც ისრაელის მემარცხენე ოპოზიცია თავის მთავრობას ბრალს დებს ღაზაზე თავდასხმების გამო, უიმედოდ ველით „ფათაჰის“ მიერ ჰამასის შეტევების გაკრიტიკებას. სწორად მიგაჩნიათ ეს?

გიზი: მე მიუღებლად მივიჩნევ „ჰამასის“ თავდასხმებს, ჩემი კრიტიკა ნათელი და ზუსტია, მაგრამ იმავეს არ აკეთებს „ფათაჰი“, რათა არ დაკარგოს პალესტინელთა მხარდაჭრა. მიუხედავად ყველაფრისა, ისრაელის ინტერესი უნდა იყოს, რომ პალესტინელთა შორის მეტი მომხრე ჰყავდეს „ფათაჰს“ და არა „ჰამასს“.

Der Spiegel: გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ „ფათაჰმა“ პალესტინურ რეგიონებში  (იორდანეს დასავლეთ სანაპირო და ღაზა) გასამართი საერთო არჩევნები ჩაშალა. დაუშვა თუ არა შეცდომა აბასის ადმინისტრაციამ?

გიზი: შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ესკალაციამდეც კი „ჰამასი“ არჩევნებში უმრავლესობას მოიპოვებდა. ეს არ იქნებოდა კარგი. „ფათაჰიც“ და „ჰამასიც“ წარუმატებელი ძალები არიან, მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო მეტ მედეგობას იჩენს. დასავლეთის სახელმწიფოების მიმართ ჩემი მოთხოვნა ამგვარია: ჩვენ პალესტინურ ტერიტორიებზე ისე უნდა გავაძლიეროთ „ფათაჰი“, რომ დემოკრატიულ არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვოს მან და არა „ჰამასმა“. ჩვენ ამის საშუალება უნდა გამოვნახოთ. ნეთანიაჰუს პოლიტიკა კი ირიბიად აძლიერებს „ჰამასს“, რაც მან თავადაც კარგად იცის.

Der Spiegel: გასულ უქმეებზე მთელს გერმანიაში გაიმართა დემონსტრაციები, სადაც ისრაელის დროშები დაწვეს და ანტისემიტური გამონათქვამები გაახმაურეს. რას ფიქრობთ იმაზე, რომ ამგვარ პროტესტს ზოგიერთები მემარცხენე პროტესტად მიიჩნევენ?

გიზი: სრულად მესმის იმ დემონსტრაციების, სადაც ადამიანები ამბობენ, რომ საკუთარი სახელმწიფოს არქონა აწუხებთ და ბოლოსდაბოლოს მის დაფუძნებას მოითხოვენ. კატეგორიულად მიუღებელია აღნიშნული უკმაყოფილების ანტისემიტიზმთან დაკავშირება. ისინი, ვინც ანტისემიტურ ლოზუგებს ყვირიან და ისრაელის დროშებს წვავენ, არ არიან მემარცხენეები და არ იბრძვიან ახლო აღმოსავლეთში ორი, ებრაული და არაბული სახელმწიფოს დაარსების გზით კონფლიქტის გადაწყვეტისთვის. პირიქით, შეუძლებელს ხდიან ამ გზის გამოყენებას.

Der Spiegel: პარტია Die Linke-ს ბერლინ-ნოიკიოლნის ადგილობრივმა ორგანიზაციამ მიანიშნა, რომ გერმანია იარაღს ყიდის ისრაელში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამგვარად ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს ისრაელის მთავრობას და მის „გასახლების პოლიტიკას“ [პალესტინელთა დევნისა და გაძევების პოლიტიკას]. რამდენად ადეკვატურ განცხადებად მიგაჩნიათ ეს ტექსტი “ჰამასის” სარეკეტო თავდასხმებიდან მალევე?

გიზი: ზუსტად ასე არ ვიტყოდი, მაგრამ ცხადია, მემარცხენეები ვემხრობით გერმანიის მიერ იარაღით ვაჭრობის შეწყვეტას, განსაკუთრებით კი კონფლიქტის რეგონიონებში. ჩვენი ეს მოთხოვნა ეხება ისრაელს, ოღონდ მხოლოდ მას არა.

Der Spiegel: მემარცხენეები განსაკუთრებით ეწინააღმდეგებით წყალქვეშა ხომალდების ისრაელისთვის გადაცემას. აღსანიშნავია, რომ დასახელებულ ხომალდებს ისრაელი არ იყენებს ღია თავდასხმებისთვის, ის ირანის მხრიდან ატომური შეტევის შემთხვევაში შემაკავებელ და თავდაცვითი დარტყმების განხორციელების ფუნქციებს ასრულებს. ეს ისრაელის ლეგიტიმური ინტერესი არ არის?

გიზი: ფედერალურ მთავრობას არ აქვს გაყიდული წყალქვეშა ხომალდების გაკონტროლების შესაძლებლობა. ჩვენ ვემხრობით, რომ სამხედრო ტექნიკა არც ერთ ქვეყანას არ მივყიდოთ, არ გადავცეთ. არც თურქეთს, არც საუდის არაბეთს … ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში გერმანიამ ბოლოსდაბოლოს უნდა შეასრულოს, იკისროს მომრიგებლის როლი. ეს გერმანიის ისტორიიდან შესაფერისი დასკვნის გამოტანის ტოლფასი იქნებოდა.

Der Spiegel: მწვანეებმა და სოციალ-დემოკრატებმა ბოლო პერიოდში ზურგი გაუმაგრეს ისრაელთან შეიარაღების სფეროში თანამშრომლობის იდეას. იქცევა თუ არა მათი გადაწყვეტილება წინააღმდეგობად თქვენ სამ პარტიას შორის შესაძლო სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების გზაზე?

გიზი: ამას ვნახავთ მომავალში. ჩვენ შორის სხვა კიდევ უფრო მძიმე თემებზეა დასალაპარაკებელი.

Der Spiegel: იქცა თუ არა იმიგრაციისა და ინტეგრაციის ჩაშლილი პროცესის გამო ისლამური ანტისემიტიზმი ჩვენთვის ისეთივე დიდ პრობლემად, როგორიც უძველესი გერმანული, მემარჯვენე რადიკალური ანტისემიტიზმია?

გიზი: გერმანიაში ჩვენ უკვე გვაქვს ისლამური ანტისემიტიზმის პრობლემა. ჭკვიან ადამიანებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მათ უმკაცრესად უნდა გააპროტესტონ თავიანთი რელიგიის ბოროტად გამოყენება. ისლამისტები მზარდ პრობლემებს ქმნიან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამის საფუძველები არსებობს, რომელთაც დასავლური პოლიტიკის წიაღში უნდა ვეძიოთ.

Der Spiegel: ლეგიტიმურად მიიჩნევთ სინაგოგასთან აქციების გამართვას?

გიზი: გარკვეულ პირობებში, დიახ. მაგრამ თუ საქმე ისრაელის პოლიტიკას ეხება, სინაგოგა არასწორი ადგილია და მისთვის ქვების სროლა დაუშვებელია.

Der Spiegel: რა პორობებშია ლეგიტიმური სინაგოგასთან აქციის გამართვა?

გიზი: მაგალითად, თუ ებრაელი ქალები უფრო მეტ უფლებებს ითხოვენ რელიგიური ორგანიზაციისგან, მათ შეუძლიათ საკითხი სინაგოგის წინ გააპროტესტონ და თავიანთი პოზიციები გამოაცხადონ. ეს ისეთივე ლეგიტიმური პროტესტია, როგორიც კათოლიკე ქალების პროტესტი ეკლესიის წინ საეკლესიო თანამდებობებზე წვდომის ზრდის მოთხოვნით.

Der Spiegel: გერმანიაში ბევრი ებრაელი ცხოვრობს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩალაგებულ ჩემოდნებზე სხედან. თქვენ თავად გყავთ ებრაელი წინაპრები და მრავალჯერ დაგსხმიან თავს ანტისემიტური მოტივით. იქნებოდა ისრაელი თქვენთვის თავშესაფრის ადგილი?

გიზი: საკითხთან დაკავშირებით ერთ ისტორიას მოგიყვებით. ჯაზის მუსიკოს კოკო შუმანს გერმანიაში არასდროს მოუყოლია, რომ აუსშვიცის ბანაკი ჰქონდა გამოვლილი. ის ამბობდა, რომ სურდა სხვები ნორმალურად მოქცეოდნენ. ის არფრით განსხვავდებოდა სხვებისგან თავისი ებრაელობის მიუხედავად. ერთადერთი სხვაობა შუმანსა და სხვებს შორის იყო ის, რომ მის კორიდორში ყოველთვის იდო ჩალაგებული ჩემოდანი. მას მაინც ეშინოდა და ფიქრობდა, რომ თავშესაფრის საძიებლად გაქცევა შეიძლება დასჭირვებოდა.

Der Spiegel: თქვენს შემთხვევაშიც ასეა?

გიზი: არა, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ ჩვენს სამართლებრივ სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობას. ჩვენ ებრაელები აქვე, გერმანიაში უნდა დავიცვათ, ეს ჩვენი ვალდებულებაა. ასეც ვიზამთ! მაგრამ მე ვერავის დავადანაშაულებ ვისაც ჩალაგებული ჩემოდნები გამზადებული აქვს უსაფრთხოების მიზნით.

რა და რატომ ეშლება თურქეთის ელჩს ???

უკანასკნელ პერიოდში ქართულმა საზოგადოებამ რამდენჯერმე მოისმინა ჩვენს ქვეყანაში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ქ-ნ ფატმა ჯერენ იაზგანის საჯარო გამოსვლა. უმაღლესი რანგის დიპლომატის განცხადებები აღბეჭდილი გახლდათ არაერთი უზუსტობითა და პროვოკაციული შინაარსის თეზისებით. პარტნიორი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი მოგვევლინა იაფფასიანი პროპაგანდისტული კამპანიის გაწაფულ მონაწილედ, რომლის მიზანიც ყველასგან მიტოვებული, მარტო დარჩენილი ადამიანების გარიყვა და მათი სასიცოცხლო სივრცის განადგურების  ხელშეწყობა გახლდათ.

ქ-ნმა ელჩმა თავის მიმართვებში განაცხადა, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო კამპანიამ მიიღო პოლიტიკური და ანტითურქული ხასიათი. მოძრაობის ანტითურქული შინაარსის გამომხატველ მთავარ შტრიხად კი საპროტესტო ბანაკის შუაგულში აღმართული ჯვარი მიიჩნია. თურმე, საქართველოს მოქალაქეების მიერ ჯვრის აღმართვა, პროტესტის დროს ლოცვა ყოფილა რელიგიური დისკრიმინაციისა და აქციის მონაწილეთა ქსენოფობიური განწყობების დასტური. კვალიფიციური დიპლომატი და პოლიტიკის მეცნიერების დიპლომირებული სპეციალისტი რატომღაც გააკვირვა და შეაძრწუნა გარემოსდაცვითი მოძრაობის მიერ რელიგიის ფაქტორის გამოყენებამ. ფატმა ჯერენ იაზგანი ოსტატურად შეეცადა განხეთქილების შეტანას ქუთაისის მრავალათასიანი დემონსტრაციის მონაწილეთა შორის და აღნიშნა, რომ მოძრაობის წევრ პროფესიონალ გარემოსდამცველებსა და ადგილობრივებს ერთმანეთთან პრაქტიკულად არაფერი აკავშირებთ. გასაოცარი გახლდათ ისიც, რომ ელჩმა თავის სიტყვაში გარემოსდაცვითი ორგანიზაციები დაადანაშაულა იმ ფუნდამენტური კვლევების მოუმზადებლობაში, რომელთა წარმოებაც სახელმწიფოსა და ინვესტორის მოვალეობაა. მაღალი თანამდებობის პირს არ მოერიდა პროტესტის ცალკეულ ლიდერებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებულ კავშირებზე ცბიერად და სასხვათაშორისოდ მინიშნება (რეალურად ეს კავშირი არაფრით დასტურდება).

თურქეთის ელჩმა თავისი მოქმედებებით გამოავლინა მშობლიური სახელმწიფოს მდიდარი ფენებისადმი განსაკუთრებული ერთგულება, მაღალი პასუხისმგებლობით შეასრულა მასზე დაკისრებული მისია. უბრალოდ, საწყენია, რომ მას ქართული საზოგადოება ისეთივე ჩამორჩენილი და არასერიოზული ჰგონია, როგორებიც ჩვენი პოლიტიკოსები არიან. საკვირველია, რატომ მიიჩნევს უცხოელი მოხელე, რომ მის მიერ ბრძნული გამომეტყველებითა და ქედმაღლური ტონით წარმოთქმულ არასერიოზულ ბრალდებებს ჩვენც სიჩუმით შევეგებებით და შიშით ხმას ვერ ამოვიღებთ.

რა შეიძლება ითქვას ქ-ნი ელჩის საპასუხოდ?

თავდაპირველად, ხმამაღლა უნდა განვაცხადოთ – ნუ გეშინიათ ჯვრის! ჯვარი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რწმენის, კულტურისა და ყოველდღიურობის ნაწილია. ჯვრით არის შემკული ჩვენი დროშა, ბევრ ოჯახში, განსაკუთრებით კი დასავლეთ საქართველოში ჯვარი გამოხატულია სადილად გამომცხვარ მჭადზეც კი. ათასობით ადამიანს გულზე გვკიდია ქრისტიანობის უმთავრესი ნიშანი. ფატმან ჯერენ იაზგანს უნდა ავუხსნათ, რომ ქრისტიანებს ჯვარი რამდენიმე უმნიშვნელოვანეს გარემოებაზე მიგვანიშნებს. უპირველეს ყოვლისა ჯვარი შეგვახსენებს, რომ ჩვენ ცოდვილები ვართ, ის სინანულისკენ და სიფხიზლისკენ გვიბიძგებს, რათა არ დავუშვათ საბედისწერო შეცდომები და არ მოვუტანოთ ზიანი ადამიანებს, ხალხებს, სამყაროს. ამასთანავე, ჯვარი აღნიშნავს ღმერთის მიერ ადამიანების მიმართ გამოვლენილ სიყვარულს, მისი დანახვისას ქრისტიანებს ეძლევათ იმედი, რომ გადარჩენის, სიხარულის გზა არსებობს, რომ უთანასწორო ბრძოლაშიც კი შესაძლებელია გამარჯვება. პროტესტის მონაწილეებს გავლენიანი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალების თანადგომის მოლოდინი არ აქვთ, მათ მხოლოდ ღმერთის, ჯვრის ეიმედებათ. ქ-ნ ელჩს კი თავისი განცხადებებით სურს, რომ უკანასკნელი სასოების გამოყენების შესაძლებლობაც შეუზღუდოს ადგილობრივებს. ის ან აზრზე არ არის ქრისტიანობის ელემენტარული საფუძვლების, ან მიზანმიმართულად ლაფში სვრის გარემოსდამცველთა პროტესტს და შუა საუკუნეების არგუმენტებით სურს წინააღმდეგობის ჩახშობა.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ერთ-ერთი პირველი მანიფესტი, მთავარი იდეოლოგიურ-პროგრამული ტექსტი, რომელიც დღემდე არ კარგავს თავის მნიშვნელობას, 1989 წელს გამოქვეყნდა. სტატიის „ტექნოკრატია, ეკოლოგია, პოეზია“ ავტორი ცნობილი ქართველი მწერალი და გერმანისტი ნაირა გელაშვილი გახლავთ. წერილში არაერთი ქრისტიანული მოსაზრება, ბიბლიური ციტატაა მოხმობილი სასიცოცხლო სივრცის განადგურების საწინააღმდეგოდ. საქართველოს მწვანეები პირველი ნაბიჯების გადადგმისთანავე აცხადებდნენ, რომ სამყარო ადამიანისათვის ღვთის საჩუქარია, რომელიც მას არ დაუმსახურებია. ადამიანის ცხოვრებისეული მიზანი კი აღნიშნული საჩუქრისათვის მადლიერების გამოხატვა უნდა იყოს. მადლიერებას კი ნგრევით, აფეთქებით, მდინარეების დაგუბებითა და ხეობების აოხრებით ვერ გამოხატავ, საჭიროა დაზოგვა, რესურსების გონივრული ათვისება, ბუნებასთან ჰარმონიული კავშირის შენარჩუნება, გარემოზე ზრუნვა. როგორც სჩანს, დიპლომატისთვის სათანადო ცნობები არ მიუწოდებიათ ქართველი გარემოს დამცველების მრავალწლიანი ტრადიციის თაობაზე.

შეიძლება პატარა, ღარიბი და სუსტი ქვეყნის მწვანეებს არ იცნობდე და არაფრად აგდებდე მათ მიერ განვლილ გზას, მაგრამ ევროპაცენტრისტული სოციალური მეცნიერებების შესწავლის გამოცდილების მქონე პირისთვის დასავლური მაგალითები მაინც ხომ უნდა იყოს კარგად ნაცნობი? გერმანიის გაერთიანების შემდეგ ევროპის უძლიერეს მწვანეთა პარტიაში უამრავი ქრისტიანი აღმოჩნდა. აღმოსავლეთ გერმანიის მწვანეთა მოძრაობები ევანგელისტური ეკლესიის ქოლგის ქვეშ საქმიანობდნენ, მათ ლიდერებს შორის მრავალი მღვდლისა და ქრისტიანი თეოლოგის აღმოჩენაა შესაძლებელი, რომლებიც ჯვრით იცავდნენ თავს „შტაზის“ საკნებში მოხვედრისგან. გდრ-ის ერთ-ერთ უდიდეს პაციფისტურ ორგანიზაციას სახელი ძველი აღთქმიდან ჰქონდა აღებული – Schwerter zu Pflugscharen („მახვილები სახნისებად“ / “გაასამართლებს ის (ღმერთი) ერებს და ამხილებს ის მრავალ ხალხებს. და გამოჭედავენ ისინი თავიანთ მახვილებს სახნისებად და შუბებს ნამგლებად. აღარ აღმართავს ერი ერზე მახვილს და აღარ ისწავლიან მეტად ბრძოლას”. ესაია, 2,4). ორგანიზაციის მრავალმა ქრისტიანმა წევრმაც მომავალში თავი მწვანთა პარტიას შეაფარა. საკანონმდებლო ორგანოში მწვანეთა ფრაქციის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ქ-ნი კატრინ გიორნინგ-ეკჰარდიც დღემდე საქმიანობს გერმანიის ევანგელისტული ეკლესიის კირხენტაგის პრეზიდიუმში. მაგალითების მოხმობით მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწვანეთა მოძრაობა, მისი ისტორია მჭიდროდ დაკავშირებულია ქრისტიანობასთან, ქრისტიანობის გარემოსდაცვით არგუმენტებთან. რელიგიური მოძღვრებების მწვანე პოლიტიკის მიზნებთან მისადაგება სრულიად ჩვეულებრივი და აბსოლუტურად ლოგიკური, ხშირად აუცილებელი მოვლენაც კი არის თანამედროვე სამყაროში. ქ-ნმა ელჩმა ყველაფერი იცის, მაგრამ მაინც უკვრის …

წესით და რიგით, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები თავიანთ მიმართვებში ძალიან უნდა ერიდებოდნენ ტერმინების – „დისკრიმინაცია“ და „ქსენოფობია“, გამოყენებას. ქ-ნ ელჩს უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენ უამრავი მეგობარი გვყავს მეზობელ სახელწიფოში, ამასთანავე, ინტენსიურად ვეცნობით ადგილობრივ და საერთაშორისო პრესას. ჩვენს ქვეყანაშიც არაერთი თურქი დევნილი ცხოვრობს, რომლებიც შემაძრწუნებელ ამბებს, ათას უბედურებას ჰყვებიან თავიანთი ხელისუფლების სისასტიკის თაობაზე. დისკრიმინაცია, ჩაგვრა, ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა თურქეთის ყოველდღიურობის ნაწილია. მხოლოდ იმის გახსენება რად ღირს, რომ ათათურქის მოძღვრების ფეხქვეშ გათელვაზე პასუხისმგებელ მმართველ ელიტას ამჟამად მთავარი მემარცხენე ოპოზიციური ძალის – „ხალხთა დემოკრატიული პარტიის“ ხუთი ათასამდე წევრი დაპატიმრებული ჰყავს. წლებია ციხეშია გამომწყვდეული თურქეთის ნამდვილი პატრიოტი და ოპოზიციის ყველაზე პერსპექტიული ლიდერი, ბ-ნი სელაჰეთინ დემირთაში, რომელმაც 2018 წელს საპყრობილიდან იყარა კენჭი პრეზიდენტის პოსტზე და მაინც მესამე ადგილზე გავიდა. რამდენიმე კვირის წინ კი, თურქეთის მეჯლისში დაიწყო პროცესი, რომლის მიზანია ხალხთა დემოკრატიული პარტიის აკრძალვა. თურქეთის დღევანდელი მთავრობა 6-7 მილიონიანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური ერთობის აკრძალვას, დევნას, მოსპობას მხოლოდ იმიტომ აპირებს, რომ პარტია აქტიურად იცავს ქურთებს, ნაციონალურ და რელიგიურ უმცირესობებს და შედეგად საფრთხეს უქმნის სულთანად ქცეული ლიდერის ძალაუფლებას. პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ახლაც თვალწინ მიდგას გაზეთ Tageszeitung-ის 2016 წლის ზამთრის ნომერი, რომელიც სტამბოლის ერთ-ერთ გერმანულ სკოლაში, გერმანიის მთავრობის მიერ აშენებულ და დაფინანსებულ სასწავლებელში საშობაო სიმღერების შესრულების თურქეთის ოფიციალური უწყებების მხრიდან აკრძალვის შესახებ იუწყებოდა.  ცოტა უხერხული, სასაცილო და სამარცხვინოა, როდესაც არადომინანტი პოლიტიკური, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მასობრივი რეპრესიების მომწყობი, არათურქულ სკოლებში საშობაო ზეიმებზე მუსიკის ჩამხშობი მთავრობის ელჩი ქსენოფობიასა და დისკრიმინაციას ეძებს დატბორვისთვის განწირული პატარა ხეობის ადგილობრივი მოსახლეების მიერ აღმართულ ჯვარში, რომელიც წყალტუბოს მერიამ და ქუთაისის ეპისკოპოსმა უკვე მოთხარეს.

დიპლომატმა შესანიშნავად იცის ისიც, რომ რიონის ხეობის ყოვლისმომცველი და ფუნდამენტური კვლევების ჩატარება მწვანე აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციათა კვალიფიციური ექსპერტებისა და მათი მხარდამჭერი ერთი-ორი პროფესორის პასუხისმგებლობა არ არის. კვლევები ავტორიტეტულმა სამეცნიერო ინსტიტუტებმა უნდა ჩაატარონ. კვლევების მომზადებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო და ინვესტორია. თქვენ ხართ ვალდებული დაგვიმტკიცოთ, რომ ნამახვანჰესის პროექტი ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური თვალსაზრისით სასარგებლოა ჩვენი ქვეყნისთვის. ხეობის დატბორვა და განადგურება გინდათ თქვენ და არა ჩვენ! ინვესტორს აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია, რადგან შეუძლებელია „ენკასთვის“ ხელსაყრელი ობიექტური სამეცნიერო დასკვნების შემუშავება. შესაბამისად, ნებსით უნებლიეთ ქ-ნი ფატმანი არაკეთილსინდისიერად ხელმძღვანელობს ძველი ქართული ანდაზის პრინციპით: „გაღმა შეედავე, გამოღმა დაგრჩებაო“.

შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია რიონის მცველთა გვერდით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მოხსენიება. ქართულ პოლიტიკურ კლასში, ყველა მთავარი პარტიის დონეზე არსებობს კონსენსუსი გიგანტური ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. შეგვიძლია დიპლომატს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, საპარლამენტო ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარის, რომან გოცირიძის სიტყვები შევახსენოთ: „მუდმივი არაფერია. ხელისუფლებას ცვლის ოპოზიცია და უკვე გახელისუფლებულ ოპოზიციას მოუწევს ხუდონის, ნამახვანის, ნენსკრას აშენება. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩდნებით რუსეთის ენერგეტიკულ ტყვეობაში”. ერთ დროს ხუდონჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ მებრძოლი უპრინციპო და ყველაფრის მკადრებელი, სოციალური კატასტროფების ხარჯზე გამდიდრებული პოლიტიკოსის მოცემული ციტატა, მგონი, ნათლად წარმოაჩენს „ქართულ ოცნებასა“ და უმსხვილეს ოპოზიციურ ძალას შორის არსებულ  დრამატულ მსგავსებაზე, რომელიც თურქეთის ელჩის მრჩევლებმა ძალით არ შეიმჩნიეს. დღეს რიონის მცველებს ებრძვის ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, არავინ ასხამს მათ წისქვილზე წყალს.

იმედია, მომავალში ქ-ნი ელჩი უკეთ მოემზადება.  

ლევან ლორთქიფანიძე,

რიონის მცველთა მხარდამჭერი

ცნობა: წერილში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს გვერდის სხვა ავტორთა შეხედულებებს.

ულოფ პალმე – რატომ ვარ დემოკრატი სოციალისტი?

oluf-palme11-e1465831187537

შვედეთის პრემიერ-მინისტრის – ულოფ პალმეს მიერ წარმოთქმული სიტყვა 1982 წლის წინასაარჩევნო სატელევიზიო დებატების მიმდინარეობისას, როდესაც იგი მემარჯვენე ბანაკის ლიდერს – ტორბიონ ფელდინს დაუპირისპირდა.

Continue reading

იოახიმ გაუკი: “მემარცხენე ლიბერალები ვალდებულნი არიან ისწავლონ ტოლერანტობა განსხვავებული აზრის მიმართ”

Der Tagesspiegel: ” [გერმანიის] ყოფილმა ფედერალურმა პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმა დებატების თანამედროვე კულტურა სახიფათოდ მოიხსენია. ის ფიქრობს, რომ რეაქციონერებიც საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ.”

image-1095843-860_poster_16x9-atya-1095843.jpg

ყოფილი ფედერალური პრეზიდენტი იოახიმ გაუკი სახიფათოდ მიიჩნევს, რომ მემარცხენე ლიბერალური წრეების მრავალი წარმომადგენელი ხელის ერთი მოსმით, ერთბაშად  გმობს ცენტრზე უფრო მარჯვნივ მდგომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, ქრისტიან-დემოკრატებთან შედარებით უფრო მემარჯვენე ნებისმიერ მოძრაობას და მათ დემოკრატიის საფრთხედ აცხადებს.

“მემარცხენე ლიბერალური საზოგადოებრივი აზრის ლიდერებიც ვალდებულნი არიან შეეგუონ იმას, რომ ჩვენი ხალხის გარკვეული ნაწილი განსხვავებულად ხედავს და აზროვნებს, განსხავებულად ფიქრობს, განსხვავებულად  საუბრობს. ისინი ამგვარად იქცევიან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ქცევა ლიბერალური ელიტების მხრიდან მიუღებლობას, უარყოფას, უმწეოდ აღქმას იწვევს.“ აღნიშნა გაუკმა ახალი ამბების ჟურნალ „ფოკუსთან“ საუბრის დროს. Continue reading

თანაბარი შესაძლებლობა თუ თანაბარი შედეგი

41662412_2261017597460610_1977429593350471680_n

იურისტ ესმა გუმბერიძის ბლოგი

ამერიკაში მასპინძლებთან რომ ვმსჯელობდით სახელმწიფოს როლზე, ადამიანის ცხოვრებაში მისი ჩარევის მიზანშეწონილ ხარისხზე, (მაგალითად რამდენად მიზანშეწონილია, სახელმწიფო მიწყვიტავდეს, ლამაზია თუ არა ტალავერი, რომლის ამოყვანაც მინდა სახლის სახურავზე) მან თქვა: „მე ვემხრობი თანაბარი შესაძლებლობის და არა– თანაბარი შედეგის იდეოლოგიას. თანაბარ შედეგს კომუნისტები ელოდნენ“. მეც ვეთანხმები ამას ზოგადად. მაგრამ რა არის შესაძლებლობა და რა– შედეგი? საკითხავი ესაა. სად გადის ზღვარი? 1 სოციალური ფენიდან მეორეში გადასვლა ხომ შესაძლებლობაა. რამდენად შეუძლია, მაგალითად, რეგიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდას მსხვილ ქალაქში თავის დამკვიდრება. ავიღოთ ქართული რეალობა. უნივერსიტეტდამთავრებული ახალგაზრდა (და სწავლის დროს ეკონომიკურად შეჭირვებული სტუდენტის წინაშე არსებულ სიძნელეებზე უკვე დავწერე ადრე). წარმოვიდგინოთ, რომ მოხდა სასწაული და მან იშოვა სამსახური ყოველთვიური 700 ლარიანი შემოსავლით. ძალიან ბევრი ამას ვერ ახერხებს და 400 ლარიანი ხელფასით იწყებს. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ საკმაოდ უნარიანი ახალგაზრდაა. სწავლის პერიოდში კარგი გამოცდილებაც დააგროვა სამუშაო, უცხო ენებიც იცის ან/და ფიზიკურად საკმაოდ ღონიერია. წარმოვიდგინოთ, რომ რეგიონიდანაა და მშობლებს მის გარდა 1–2 შვილი კიდევ ყავთ ფეხზე დასაყენებელი ძალიან საშუალო ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში. თბილისში თვეში 700 ლარად შეგიძლია, თავი გამოიკვებო, ჩაიცვა, დაიხურო, გადაიხადო ბინის ქირა და კომუნალურები (ძალიან უბრალო ბინისა 300 ლარის ფარგლებში). დიდძალი მომჭირნეობის ფასად, იქნებ, 200–იოდე ლარიც გადაინახო. წელში როგორ გაიმართები ამ პირობებში? Continue reading

დასრულდა თუ არა მულტიკულტურალიზმის ბატონობა ევროპაში?

ავტორი სოფო შუბითიძე: ფაბიანური საზოგადოების წევრი. პრაღის ჩარლზისა და გოტენბურგის უნივერსიტეტების მაგისტრანტი.

 

seu1441826026

 

ევროპაში მწვავედ კამათობენ მიგრანტების ინტეგრაციის საკითხზე. დებატი კიდევ უფრო მწვავდება რაც უფრო იმატებს მათი ოდენობა და რაც მეტად დიდი სხვაობა წარმოიქმნება ადგილობრივ საზოგადოებასა და მიგრანტთა შორის. ამგვარი სხვაობა კი ყველაზე მეტად ეხება ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და ნაწილობრივ აზიის ქვეყნებიდან შემომავალ მიგრანტებს. ისინი განიცდიან ყველაზე დიდ სეგრეგაციას, გეტოიზაციას და დისკრიმინაციას. პრობლემის გადასაჭრელად ორი გზა არსებობს: მულტიკულტურალიზმზე დამყარებული გულუხვი მიმღებლობა ან ასიმილაციაზე ორიენტირებული სწრაფი პრაქტიკული გადაწყვეტა. ასიმილაცია კი გულისხმობს, “მეტად მიმსგავსებას”. ორივე მოდელს თავისი შეზღუდვები და დადებითი მხარეები აქვს. აღნიშნულ სტატიაში ვაჩვენებთ თუ რამდენად იცვალეს გეზი ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა მულტიკულტურალიზმიდან ასიმილაციისაკენ და რით იყო ეს განპირობებული. სტატია აქცენტს აკეთებს რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკაზე ინტეგრაციის პოლიტიკის ჭრილში, ბოლოს კი ავტორი გაგიზიარებთ თავის მოსაზრებას.

 

ნიდერლანდები წლების მანძილზე ყველაზე მულტიკულტურალური ქვეყანა იყო. იმიგრანტების კულტურას და ტრადიციებს არათუ პატივს სცემდენენ, არამედ სახელმწიფო აქტიურადაც კი იცავდა – მაგალითად ნიდერლანდებში სპეციალური საცხოვრებელებიც კი აშენდა ინდუსებისათვის, რაც მათ რელიგიურ მრწამსთან შესატყვისობაში მოსულიყო. თურქ მამაკაცებს ნიდერლანდებში ანაზღაურებად შვებულებას უნიშნავდა სახელმწიფო, რათა მათ თურქეთის ჯარში ემსახურათ და ა.შ. ნიდერლანდელი იმიგრანტთა უმრავლესობა წარმოშობით თურქეთიდან, მაროკოდან და სურინამიდან არიან. 1990-იან წლებში ნიდერლანდებმა მულტიკულტურალიზმის გულუხვი პოლიტიკა რადიკალურად შეცვალა და გაამკაცრა საიმიგრაციო პოლიტიკა: ამის დასტური კი ის ფაქტია, რომ ქვეყანაში გაიზარდა კრიმინალი, პატიმრებში ბევრი იმიგრანტი ხვდებოდა, მაღალი იყო იმიგრანტთა დამოკიდებულება სახელმწიფოს შემწეობაზე, ხოლო უმუშევრობის დონე გაიზარდა (იოპკე, 2007; კოპმანსი 2010). აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კრიმინალის ზრდა არაა ერთადერთი არგუმენტი მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებისათვის, მიუხედავად ევროკავშირის ბოლო კვლევებით გამყარებული დამაჯერებლობისა. კეთილდღეობის სახელმწიფოზე დამოკიდებულება და უმუშევრობის ზრდაც თავის ყურადღებას იქცევს.

 

ამჟამად ნიდერლანდებში ხანგრძლივად ცხოვრების უფლებისთვის ინტეგრაციის კურსების გავლა სავალდებულოა და ამგვარი კურსების გავლა ქვეყანაში ჩასვლამდე, ნიდერლანდების საკონსულოებშია შესაძლებელი. ნიდერლანდების მაგალითს სხვებმაც მიბაძეს, მაგალითად დანიამ, რომელსაც მოქალაქეობის მოპოვების ერთ-ერთი ყველაზე გართულებული პროცედურა აქვს და ამას მინიმუმ ათი წელიწადი სჭირდება. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ დანია არის ყველაზე “სუსტი” და ყველაზე არატიპიური სკანდინავიური სოციალური სახელმწიფო მულტიკულტურალიზმის საკითხში. სწორედ დანიის იმიგრაციის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არასასურველ მიგრანტები იზოლირებულ კუნძულზე უნდა დაასახლონ.

 

შვედეთი ნიდერლანდების მულტიკულტურალიზმის საკითხში არ ჩამოუვარდება, თუმცა მას რადიკალური ნაბიჯები ასიმილაციის მიმართულებით არ გადაუდგამს. 2015 წლის მიგრანტთა კრიზის შემდეგ, შვედეთმა 160 ათასი ომისგან დევნილი მიიღო და ეს მორალური ვალდებულების ჭრილში უფრო იყო განხილული. ამჟამად, კი ანტისაიმიგრაციო განწყობები მომძლავრებულია და მისი ყველაზე ნათელი გამომხატველი პარტიის მხარდაჭერა შვედი დემოკრატების სახით 2018 წლის არჩევნებზე 17,6%-ს აღწევს. ეს კი შვედური პოლიტიკური ტრადიციების გათვალისწინებით 2010 წელს შექმნილი პარტიისათვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. შვედური მულტიკულტურალიზმის პრაქტიკა პასიურ თანხმობაზეა უფრო მეტად დაფუძნებული, ვიდრე აქტიურ მხარდაჭერაზე (კიმლიცკა, 2010). პასიური თანხმობა კი თავის თავში დაპირისპირების წარმოქმნის საფრთხეებს მოიცავს, რაზე საუბარიც ამ სტატიის ფორმატის გამომდინარე უფრო ვრცლად სხვაგან იქნებოდა სასურველი. მართალია ეკონომიკური შესაძლებლობის სიუხვიდან გამომდინარე ლტოლვილთა დახმარება დიდა ტვირთად არ აწევს ქვეყანას, თუმცა ეკონომიკური მონაცემების თანახმად, წლიურად მაინც იზრდება ერთიანი შიდა პროდუქტის გადანაწილების პროცენტი ლტოლვილ იმიგრანტებსა და ადგილობრივებს შორის (რუისტი, 2015).

 

შვედეთში მაღალია სეგრეგაციის მაჩვენებელი მიგრანტებსა და ადგილობრივებს შორის, მოკლედ რომ ვთქვათ ადგილობრივებს ნაკლებად სურთ მიგრანტებით მჭიდროდ დასახლებულ უბნებში ცხოვრება, ნაკლებ კონტაქტს ამყარებენ მათთან. იმიგრანტებიც, თავისი მხრივ ამ გეტოიზაციას განიცდიან, ეს სულაც არ გამოიხატება უკიდურესი სიღარიბით და სახელმწიფო სიკეთეებზე ხელმიუწვდომლობით, ეს არაა პრობლემა. პრობლემა გახლავთ ის, რომ სამოქალაქო ინტეგრაცია მყიფეა, კოლოსალური სხვაობაა მაგალითად მუსლიმ მიგრანტებსა და შვედებს შორის სამოქალაქო-კულტურული ღირებულებების თვალსაზრისით. მუსლიმი მიგრანტებიც, თავიანთი მხრივ ამჯობინებენ თვითიდენტიფიკაციას ეთნიკური ან ჯგუფური ნიშნით, ვიდრე სახელმწიფო ნიშნით- შვედეთისადმი კუთვნილებით. (ველცელი, ინგლეჰარდტი 2013).

 

გასათვალისწინებელია მიგრაციის ხასიათი, ანუ მიზეზები, რის გამოც ამა თუ იმ ქვეყანას ირჩევენ საცხოვრებლად. სოციალ-ეკონომიკურად უთანასწორობისკენ მიდრეკილი და თანასწორი საზოგადოებები განსხვავებულ ტენდენციას ავლენენ. მაგალითად, შვედეთი ტრადიციულად უფრო მეტად იზიდავდა დაბალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტებს, რადგან სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა მაღალია და ბენეფიტებზე წვდომა კი მარტივი. დიდი ბრიტანეთი და აშშ, სადაც სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა დაბალია და უთანასწორობაც უფრო მკვეთრი, იზიდავდა მაღალკვალიფიციურ მოგრანტებს (ტუბერგენი, 2004). დღესაც, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კრიზის შემდეგ დევნილთა ნაკადი საცხოვრებლად ნაკლებად ირჩევს ლიტვას ან ესტონეთს, ამ ქვეყანაში დაბინავებული დევნილები უფრო ჩრდილოეთისკენ- სკანდინავიისკენ ილტვიან, რადგან აქ მათი დაცვის სოციალური გარანტიები უფრო გულუხვია.

 

ზომიერად მულტიკულტურალისტური პოზიცია ასიმილაციური ელემენტებით უჭირავს გერმანიას და ავსტრიას, სახელმწიფოს მხრიდან წამოყენებული ინტეგრაციისათვის აუცილებელი პირობები თანხვდება მის მიერ გაღებულ ძალისხმევას/ხელშეწყობას. სახელმწიფო ემიგრანტის მხრიდანაც მოითხოვს აქტიურ შრომას და მონაწილეობას ქვეყნის სამოქალაქო ცხოვრებაში. გერმანია ყოველთვის უარყოფდა რომ ის ასიმილაციონისტი ქვეყანაა. ანგელა მერკელის მიერ 2015 წელს გამოცხადებული მულტიკულტურალიზმის კრახი არ იყო მაინცდამაინც დეკლარირება ასიმილაციის პრიმატისა. გერმანიის სახელმწიფო თავად აფინანსებს ემიგრანტებისთვის ინტეგრაციის კურსებს, თუმცა ემიგრანტებსაც მოეთხოვებათ სიმბოლური საფასურის გადახდა. ავსტრია ამ კუთხით უფრო მკაცრია, რადგან ინტეგრაციის კურსის გავლაც და საფასურის გადახდაც სავალდებულოა ემიგრანტის მიერ. გამონაკლისს მოქალაქეობაზე წვდომის მხრივ ავსტრიაში ინვესტორები წარმოადგენენ, რაც გერმანიაში არ მოქმედებს. გერმანია შეიძლება ითქვას “დამსახურებაზე” ორიენტირებით ანიჭებს წვდომას მოქალაქეობაზე და ყურადღებას ანიჭებს ენის ცოდნას, ქვეყანაში მუშაობის გამოცდილებას, კრიმინალური წარსულის არარსებობას და მოქალაქეობის ტესტის წარმატებით ჩაბარებას.

 

რა თქმა უნდა არ არსებობს უნივერსალური რეცეპტი, თუ როგორ შეიძლება მიგრაციასთან წარმატებით გამკლავება მიგრანტების დევნის და ადგილობრივი მოსახლეობის საფრთხეზე დამყარებული მობილიზაციის მეთოდების მიღმა. მოსახლეობის საფრთხეზე დამყარებული მობილიზაციის მეთოდების მიღმა გამოიყოფა შუალედური მოდელიც მულტიკულტურალიზმსა და ასიმილაციას შორის, რასაცა ინტერკულტურალიზმი ეწოდება. ევროპის საბჭომ 2008 წელს დოკუმენტიც გამოსცა სახელწოდებით “ღირსებით თანასწორთა თანაცხოვრება” (Council of Europe, 2008). ევროკავშირის ინსტიტუტების პოზიცია ამ მულტიკულტურალიზმთან დაკავშირებით არასოდეს ყოფილა მკაცრი ან ხისტი, იგი ზოგადსაკაცობრიო უნივერსალური პრინციპების დეკლარირებით გამოიხატებოდა უფრო მეტად. ინტერკულტურალიზმი ორმხრივი დიალოგია, ის ძალისხმევას მოითხოვს “სტუმრისგანაც” და “მასპინძლისგანაც”. ეს ვერ იქნება პირდაპირი ვალდებულება, ამის კარგი მაგალითია სლოვაკეთი, რომელიც მზად არის მილიონები გადაიხადოს მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ არა მიგრანტთათვის თავშესაფრის შესათავაზებლად საკუთარ ტერიტორიაზე.

 

დავუბრუნდეთ ისევ ჟიჟეკის ნახსენებ მაგალითს “შვილის მეზობლად გახდომის თაობაზე”, რომლის ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა სწორედ, რომ ჩემი შვილიც კი უცხოა ჩემთვის, არათუ ჩემი შვილი, საკუთარი თავიც შეიძლება უცხო იყოს და როგორ შემიძლია გავუგო სხვას? დავფიქრდეთ ჩვენს თავზე მორალური ვალდებულებების და პოლიტკორექტულობის მიღმა: ვცდილობთ ჩვენგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანის გაგებას? გვაქვს ამისი დრო , სურვილი? მეგობრად ვის ვირჩევთ? ის, ვინც ჩვენს აზრებს უფრო იზიარებს და გვსიამოვნებს ურთიერთობა. ანთროპოლოგების და ფსიქოლოგების საქმედ უნდა იქცეს ისიც, თუ რამდენად არის მზად დღეს ევროპელი ადამიანი გაუგოს დანიაში მცხოვრებ მუსლიმ ქალს, რომელიც დანიელ მამაკაცს ხელს არ ჩამოართმევს არასდროს ან გერმანიაში მცხოვრებ ბურქის მატარებელ ქალს, რომელიც უსაფრთხოების კონტროლზე უარს იტყვის რელიგიური მიზეზების გამო. ან რამდენად მისაღებია, შვედეთში მცხოვრები ჩემს მეგობარს ყოველ დილით ექვს საათზე აღვიძებდეს მეზობლის ხმამაღალი ლოცვა? თუკი მე ერთხელ ვინმე უცხოელმა გამქურდა ჩემს ქვეყანაში, რატომ უნდა შემექმნას კარგი შთაბეჭდილება მასზე? ( და მით უმეტეს, თუ კიდევ ბევრ მსგავს შემთხვევას ვიგებ). ხოლო თუკი თანამოქალაქემ გამქურდა, ცხადია პასუხისმგებლობას სახელმწიფოს დავაკისრებ, რომელიც ვერ უმკლავდება კრიმინალს სათანადო გზებით.

თუკი ადამიანი მზად არის ამ ყოველივეს აგებით და უპრობლემოდ მოეკიდოს და მიიღოს, ცხადია ამაზე უკეთესი არაფერი იქნება, ხოლო თუ კი ეს ასე არ არის, გულუხვი, მარტო თეთრ ქაღალდზე დეკლარირებული მშრალი მულტიკულტურალიზმი მისი პოლიტიკური გამოვლინებით-მიგრაციის ზრდით, დააგროვებს მეტ აგრესიას, ძალადობას, პოპულიზმს და ექსტრემიზმს საზოგადოებაში. სამწუხაროდ ფილოსოფოსებმა, ანთროპოლოგებმა და ფსიქოლოგებმა უნდა იმსჯელონ იმაზე, თუ რამ გამოიწვია იმგვარი მდგომარეობა, როცა ჩვენი ძმა ან შვილი მეზობლად გვექცევა – მეზობლად იმ გაგებით, რომ მისი საცხოვრებელი ჩემი საცხოვრებლისგან გამოცალკევებულია, მე ის არ მაინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სახლის გვერდით ცხოვრობს, პატივს ვცემ, მაგრამ მე ის არ მაინტერესებს. არათუ არ მაინტერესებს, მე შეიძლება საკუთარ თავი არ მაინტერესებდეს იმდენად რომ არცკი ვიცნობდე კარგად, საკუთარი თავისთვისაც ვერ გამეგოს, არათუ სრულიად უცხო ადამიანისთვის.

 

მულტიკულტურალიზმის, მიგრაციის პრობლემის და თანმდევი ექსტრემისტული გამოვლინებების გადააზრება სწორედ ამ ჭრილიდან უნდა მოხდეს და არა იმ მხრივ, რომ ამ ნაწერში გამოთქმული აზრების პატრონი რასისტია, ფაშისტია და ა.შ. როცა ვინმეს ამ იარლიყს აკრავ, სწორედ მაშინ კეტავ დიალოგის გზას და ურთიერთობის ერთადერთ ფორმად ნიურბერგის პროცესს ტოვებ.

 

 

და ბოლოს, რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას ევროპული ერთობის საფუძველმდებარე უნივერსალურ ღირებულებებზე, ამ ღირებულებათა (თანასწორობა, სამართლიანობა, თავისუფლება და ა.შ.) დაცვა, განსაკუთრებით კი სოციალური სახელმწიფოს შენარჩუნება (რომელიც ცხადია მიგრანტებისთვის ყველაზე სასურველი დანიშნულებაა) დამოკიდებულია კულტურულ ჰომოგენურობაზე, კოლექტიურ, საერთო მიზნებზე, კონსენსუსზე. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა იყოს კეთილდღეობის სახელმწიფოს შემომტანი, სახელმწიფო მოძალადე და ხარჯთამკრეფი, დამსჯელი ინსტიტუტი კი არ არის, არამედ რეგულატორი, დამაბალანსებელი, გადამანაწილებელი. კულტურული ჰომოგენურობა აუცილებელი პირობაა სოლიდარობის და კოლექტიური მიზნების მისაღწევად. ევროპა კი სწორედ ამ ჰომოგენურობის დაშლა-რღვევის წინაშე დადგა.

 

რაც შეეხება, სათაურში დასმულ კითხვას, დასრულდა თუ არა მულტიკულტურალიზმის ბატონობის ერა, ჩანს რომ იგი ნეგატიური დასასრულის გზაზეა, თუმცა მისი არიდება კვლავ არის შესაძლებელი, მულტიკულტურალიზმი არ უნდა შევიდეს კაცობრიობის ისტორიაში საბედისწერო ან დამღუპველ შეცდომად, ავანსცენა არ უნდა დაიკავონ ემოციებზე მოთამაშე პოპულისტებმა. ხოლო როგორ უნდა გაუმჯობესდეს ვითარება ამაზე ყველაზე ვრცელი და მკაფიო პასუხი ალბათ მემარცხენე ფლანგს მოეთხოვება, რადგან ის აქამდე თავშეკავებით უყურებდა ამ საკითხს.

 

სამომავლოდ, ამ საკითხზე მუშაობისას უმჯობესი იქნება მიგრაციის ფორმების და მულტიკულტურალიზმის ფორმების მეტად დიფერენციაცია, მომხრე და მოწინააღმდეგე პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფების გამოყოფა, მათი მანიფესტების თუ სტრატეგიების დაკვირვებული შესწავლა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ავტორი არ გამოხატავს პრეტენზიას ამ თემის სრულყოფილ ანალიზზე მოყვანილ მაგალითებზე დაყრდნობით, ხოლო დასახელებული ფაქტების სისწორეზე კი ის ცხადია პასუხისმგებელია. შესაძლოა ასევე რომ მისი მოსაზრებები არ ემთხვეოდეს ფაბიანური საზოგადოების ჯგუფის ყველა წევრის აზრს.

 

 

 

 

მოშველიებული წყაროები:

Brubaker, R. (2001). “The return of assimilation? Changing perspectives on immigration and its sequels in France, Germany, and the United States,” Ethnic and Racial Studies , 24 (4), pp. 531-548. 

CoE, Prisons in Europe, (2018). https://wp.unil.ch/space/space-i/prisons-in-europe-2005-2015/prisons-in-europe-2005-2015/ Accessed on December8, 2018. 

CoE, White Paper on Intercultural Dialogue. (2008). https://www.coe.int/t/dg4/intercultural/source/white%20paper_final_revised_en.pdf Last Access on December 9, 2018.  

Joppke, C. (2007). “Beyond National Models: Civic Integration Policies for Immigrants in Western Europe,” Western European Politics, 30:1, 1-22.   

Koopmans, R (2010). “Trade-Offs between Equality and Difference: Immigrant Integration, Multiculturalism and the Welfare State in Cross-National Perspective”, Journal of Ethnic and Migration Studies 36(1): 1-26.

Kymlicka, W. (2010). ‘The rise and fall of multiculturalism? New debates on inclusion and  

accommodation in diverse societies’, in Steven Vertovec and Susanne Wessendorf (eds), The  

Multiculturalism Backlash: European Discourses, Policies and Practices, London: Routledge.  

 Ruist, J. (2015). The Fiscal Cost of Refugee Immigration: The Example of Sweden: Population and Development Review, Vol. 41, No. 4, pp. 567-581 Published by: Population Council.  

 Sorensen S.M. (2018) Denmark Plans to Isolate Unwanted Migrants on a Small Island. New York Times. https://www.nytimes.com/2018/12/03/world/europe/denmark-migrants-island.html  

 Swedish Institute, Swedish Election 2018, https://sweden.se/society/political-parties-in-sweden. Accessed on December 8, 2018. 

Van Tubergen, F. (2004) The Integration of Immigrants in Cross-National Perspective: Origin, Destination, and Community Effects. Utrecht: ICS. 

Welzel, C. and Inglehart, R. (2013). “Political Culture.” In: Sage Handbook of Comparative Politics.  

Zizek, S. (2006). The Neighbour. Chicago: University of Chicago Press.