იოახიმ გაუკი: “მემარცხენე ლიბერალები ვალდებულნი არიან ისწავლონ ტოლერანტობა განსხვავებული აზრის მიმართ”

Der Tagesspiegel: ” [გერმანიის] ყოფილმა ფედერალურმა პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმა დებატების თანამედროვე კულტურა სახიფათოდ მოიხსენია. ის ფიქრობს, რომ რეაქციონერებიც საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ.”

image-1095843-860_poster_16x9-atya-1095843.jpg

ყოფილი ფედერალური პრეზიდენტი იოახიმ გაუკი სახიფათოდ მიიჩნევს, რომ მემარცხენე ლიბერალური წრეების მრავალი წარმომადგენელი ხელის ერთი მოსმით, ერთბაშად  გმობს ცენტრზე უფრო მარჯვნივ მდგომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, ქრისტიან-დემოკრატებთან შედარებით უფრო მემარჯვენე ნებისმიერ მოძრაობას და მათ დემოკრატიის საფრთხედ აცხადებს.

“მემარცხენე ლიბერალური საზოგადოებრივი აზრის ლიდერებიც ვალდებულნი არიან შეეგუონ იმას, რომ ჩვენი ხალხის გარკვეული ნაწილი განსხვავებულად ხედავს და აზროვნებს, განსხავებულად ფიქრობს, განსხვავებულად  საუბრობს. ისინი ამგვარად იქცევიან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ქცევა ლიბერალური ელიტების მხრიდან მიუღებლობას, უარყოფას, უმწეოდ აღქმას იწვევს.“ აღნიშნა გაუკმა ახალი ამბების ჟურნალ „ფოკუსთან“ საუბრის დროს.

„ძველმოდური, კონსერვატიული და რეაქციონერულად განწყობილი ადამიანები ჩვენი საზოგადოების აშკარა წევრები არიან. სავარაუდოდ, ეს ასეც დარჩება, რასაც უნდა შევეგუოთ; რის მიმართაც ტოლერანტობა უნდა გამოვამჟღავნოთ.“

უკიდურესად ურთიერთგანსხვავებული მოსაზრებების მქონე ძალებისგან შემდგარ ღია საზოგადოებაში ნებისმიერი პოზიციის (მაგალითად, ნაცისტური შეხედულებების, ლ.ლ.) პატივისცემა, მიღება შეუძლებელია, დასძინა გაუკმა. „მაგრამ ყველაფერს, რაც ჩვენთვის მიუღებელია, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვწონს, ანტიკონსტიტუციურად ვერ გამოვაცხადებთ.“

გაუკმა გადამეტებული პოლიტიკური კორექტულობაც გააკრიტიკა: „თუ ჩვენ მოვინდომებთ  გერმანული ენის უსათუო და ყოვლისმომცველ ადაპტირებას შესაძლო, მოსალოდნელ სოციალურ განვითარებასთან, მივიღებთ ძალიან ბევრ ზედმეტობას, რომელსაც საზოგადოების მნიშვენლოვანი ნაწილი არ მიიღებს“.

ყოფილმა ფედერალურმა პრეზდენტმა „პოლიტიკური კორექტულობა“  „გაკონტროლებულ ენად“ მოიხსენია.  შეუძლებელია, ქსენოფობიასა და რასიზმში დადანაშაულების შიშით, საზოგადოებაში კრიტიკული თემების განსჯა შეწყდეს. “როდესაც დემოკრატიული ცენტრი თავს არიდებს საჭირბოროტო საკითხებზე საუბარს, მაშინ ასპარეზი რადიკალებს რჩებათ.“

სრულად იხ. ბმული: https://www.tagesspiegel.de/politik/gauck-kritisiert-gesellschaftlichen-diskurs-auch-linksliberale-muessen-toleranz-fuer-andersdenke-lernen/25062284.html

 


იოახიმ გაუკის შესახებ

Bundespraesident-Joachim-Gauck-sich-bei-den-Bundesbuergern-fuer-die-Solidaritaet-mit-Fluechtlingen-bedankt-und-zugleich-den-wachsenden-Extremismus-verurteilt (2)

იოახიმ გაუკი დაიბადა 1940 წელს. არის უპარტიო გერმანელი პოლიტიკოსი და ევანგელისტი თეოლოგი. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში გახლდათ ლუთერანი პასტორი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა დისიდენტურ საქმიანობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში.

2010 წელს ის პირველად მონაწილეობდა გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის არჩევნებში. მაშინ უპარტიო პოლიტიკოსი სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების საერთო კანდიდატი გახლდათ. მისი პირველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

2012 წელს კრისტიან ვულფი სკანდალის გამო ვადაზე ადრე გადადგა პრეზიდენტის თანამდებობიდან. იოახიმ გაუკი კი ხელახლა გახდა კანდიდატი. ამჯერად, მის წარმდგენთა შორის სოციალ-დემოკრატიული და მწვანეთა პარტიების გარდა, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი და “თავისუფალი დემოკრატებიც” აღმოჩნდნენ. შესაბამისად, იოახიმ გაუკი ფედერალურმა კრებამ სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე 80%-იანი მხარდაჭერით აირჩია. ყოფილი პასტორი გერმანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული პრეზიდენტია. 2017 წელს მას მეორე ვადით კენჭი აღარ უყრია. თავშეკავების მიზეზად 80-იანი წლების დისინდენტური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა თავისი ასაკი დაასახელა.

 

Leave a comment