კონგოს პრემიერ-მინისტრის – პატრის ლუმუმბას მიერ წარმოთქმული სიტყვა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების ცერემონიაზე (30 ივნისი, 1960 წელი)

პატრის ლუმუმბამ სიტყვა წარმოთქვა ბელგიის მეფის – ბოდუენ პირველისა და პრეზიდენტ კასავაბუს გამოსვლების შემდეგ. პირველმა მათგანმა აფრიკაში ევროპელთა ცივილიზატორულ საქმიანობასა და მიღწევებზე დასვა აქცენტი, მეორემ კი ქვეყნის მომავალზე ძალიან ზოგადად ისაუბრა. პატრის ლუმუმბას გამოსვლა პროტოკოლით არ იყო გათვალისწინებული.

„ძვირფასო დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებო, გამარჯვებულო მებრძოლებო, მოგესალმებით კონგოს მთავრობის სახელით.

თქვენ ყველას, ადამიანებს, რომლებიც დაუღალავად იბრძოდით ჩვენთან ერთად, ჩვენს მხარეზე, გთხოვთ, 1960 წლის 30 ივნისი აქციოთ ღირსშესანიშნავ თარიღად, თარიღად, რომელსაც წარუშლელად ამოტვიფრავთ და შეინახავთ თქვენს გულებში; რომლის შესახებაც მოუყვებით თქვენს შვილებს, რათა მათ თავიანთ შვილებსა და შვილიშვილებს გაუზიარონ ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის დიდებული ისტორია.

არც ერთი კონგოელი, რომელიც ამ სახელს იმსახურებს, არასდროს დაივიწყებს, რომ კონგოს დამოუკიდებლობა ბრძოლაში გამარჯვების შედეგად მოვიპოვეთ. კონგოს დამოუკიდებლობას დღეს ბელგიასთან ერთად ვზეიმობთ, რომელიც მეგობარი ქვეყანაა და თანასწორუფლებიანი პირობებით თანამშრომლობს ჩვენთან. დამოუკიდებლობის ბრძოლა დღიდან დღემდე გრძელდებოდა, ეს იყო ცეცხლოვანი და იდეალისტური ბრძოლა, რომლის მიმდინარეობისას ჩვენ ვიტანდით ყოველგვარ გასაჭირსა და ტანჯვას; რომლისთვისაც არ ვზოგავდით ჩვენს სისხლსა და ძალას.

არსების სიღრმემდე, სულის სიღრმემდე ვამაყობთ ამ ბრძოლით, ცრემლებით, ცეცხლითა და სისხლით, რადგან გამოვიარეთ კეთილშობილური და სამართლიანი ბრძოლა, რომელიც გარდაუვლად აუცილებელი იყო ძალით თავსმოხვეული, დამამცირებელი მონობის დასასრულებლად.

ოთხმოცწლიანი კოლონიური რეჟიმის დროს ჩვენი ბედი უმძიმესი იყო. ჩვენი ჭრილობები იმდენად ღია და ტკივილის მომგვრელია, რომ მათი მეხსიერებიდან განდევნა შეუძლებელია. ჩვენ ვისწავლეთ სულიერი და ფიზიკური ძალების დამშრეტი შრომა, ჩვენ ვალდებულნი ვიყავით გვეშრომა დამამცირებელი ანაზღაურების ფასად. ანაზღაურება საშუალებას არ გვაძლევდა თავი დაგვეღწია შიმშილისთვის, ნორმალურად ჩაგვეცვა და ღირსეულად გვეცხოვრა, აღგვეზარდა შვილები, როგორც ოჯახისთვის საყვარელი არსებები.

კოლონიური მმართველობის პერიოდში ჩვენ შევიცანით თუ რა არის დაცინვა, შეურაცხყოფა და ცემა. ვალდებულნი ვიყავით აგვეტანა არაადამიანური მოპყრობა მხოლოდ იმიტომ, რომ შავები ვართ. ვინ დაივიწყებს, რომ „შენ“ ნაცვალსახელით მხოლოდ შავკანიანებს მოიხსენიებდნენ. ამას აკეთებდნენ არა იმიტომ, რომ ვინმეს მეგობრად მივაჩნდით, არამედ იმიტომ, რომ „თქვენ“, ზრდილობიანი და პატივისცემის გამომხატველი მიმართვის ფორმა მხოლოდ თეთრებისთვის იყო განკუთვნილი.

ჩვენ ვნახეთ, როგორ იყოფოდა და ნაწილდებოდა ჩვენი მიწა ერთი შეხედვით სამართლიანი კანონებისა და წესების მიხედვით, რომლებიც სინამდვილეში მხოლოდ ამა ქვეყნის ძლიერთა ინტერესებს, უფლებებს იცავდნენ და გამოხატავდნენ.

ჩვენ ვნახეთ, რომ კანონი არ არის ერთი თეთრებისთვის და შავებისთვის – პირველთათვის კომფორტული და ხელსაყრელი, მეორეთათვის სასტიკი და არაადამიანური აღმოჩნდა.

ჩვენ ვიხილეთ საკუთარი რელიგიური ან პოლიტიკური რწმენის გამო გასამართლებული ადამიანების ტანჯვა და წამება. ისინი თავიანთივე ქვეყანაში იყვნენ დევნილნი, მათი ბედი სიკვდილზე უარესი გახლდათ.

ჩვენ ვიხილეთ, ქალაქებში აშენებული დიდებული სახლები, რომლებშიც მხოლოდ თეთრები ცხოვრობდნენ და დანგრევის პირას მყოფი ქოხები, სადაც აფრიკელები სახლობდნენ. არც ევროპელთა კონოთეატრებში, არც რესტორნებში, არც მაღაზიებში ადგილობრივებს არ გვიშვებდნენ. გემით მოგზაურობის დროსაც ადგილს ხომალდის ჯურღმულებში, თეთრების მდიდრული კაიუტების ფერხთით, ფეხქვეშ მიგვიჩენდნენ ხოლმე.

ვინ დაივიწყებს ან იმ ხოცვა-ჟლეტას, რომელშიც ჩვენი უამრავი და-ძმა დაიღუპა, ან იმ დილეგებს, სადაც ყრიდნენ ადამიანებს, რომლებიც მჩაგვრელი რეჟიმის მორჩილებაზე უარს ამბობდნენ?!

ძმებო, ჩვენ ამ ყველაფერს გავუძელით, ჩვენ ეს ყველაფერი გადავიტანეთ.

ადამიანები, რომლებმაც თქვენ მიერ არჩეული წარმომადგენლების ხმათა წყალობით ჩვენი ძვირფასი ქვეყნის მართვის უფლება მივიღეთ; რომლებმაც საკუთარი სხეულითა და სულით შევიგრძენით კოლონიური ჩაგვრის მტანჯველი ძალა, ძალიან ხმამაღლა ვაცხადებთ – ყველაფერი დასრულებულია, კონგოს რესპუბლიკა გამოცხადებულია და ჩვენი ქვეყანა მისი შვილების ხელშია.

ჩვენ ერთად ავაშენებთ სოციალურ სამართლიანობას და ყველა მოქალაქისთვის უზრუნველვყოფთ ღირსეულ, სამართლიან ანაზღაურებას პატიოსანი შრომისათვის.

ჩვენ ვაჩვენებთ მსოფლიოს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ აფრიკელებს, როდესაც მშვიდობიანად შრომობენ. ჩვენ კონგოს ვაქცევთ მზის კაშკაშა სხივების შეკრების ადგილად მთელი აფრიკისათვის.

ჩვენ თვალყურს მივადევნებთ, რომ ქვეყნის მიწებით, მისი სიმდიდრით ნამდვილად ისარგებლონ ამ მიწის შვილებმა. ჩვენ აღვადგენთ ტრადიციულ კანონებს და ამასთანავე დავამკვიდრებთ ახალ, სამართლიან და კეთილშობილურ წესებს.

ჩვენ შევწყვეტთ გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას და უზრუნველვყოფთ, რომ ყველა მოქალაქემ სრულად ისარგებლოს ადამიანის უფლებათა დეკლარაციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებებით.

ჩვენ არ ვაპირებთ მართვას იარაღისა და ხიშტის ძალით დამყარებული მშვიდობის პირობებში. ჩვენ ვაპირებთ მართვას გულისა და ნების შედეგად დამკვიდრებული მშვიდობით.

ძვირფასო თანამემამულენო, დარწმუნებულნი უნდა იყოთ, რომ მიზნების მიღწევის საქმეში მხოლოდ ჩვენი უზარმაზარი ძალისხმევისა და სიმდიდრის იმედად არ უნდა ვიყოთ. ჩვენ გვექნება არაერთი უცხო სახელმწიფოს მხარდაჭერაც, რომლებთანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში ვითანამშრომლებთ, თუ მხარეთა თავისუფალი ნება იარსებებს და გამორიცხული იქნება სხვა კულტურის ზეწოლის, თავსმოხვევის საფრთხე.

გაუმარჯოს დამოუკიდებლობასა და აფრიკის ერთიანობას! გაუმარჯოს დამოუკიდებელ კონგოს“

გამოსვლა ითარგმნა მთიან რაჭაში, ონის რაიონის სოფელ ღებში, გოჩა ლობჟანიძის ოჯახში, სადაც შესანიშნავი გარემო გახლდათ შექმნილი აფრიკის გათავისუფლებაზე მსჯელობისათვის. გერმანულიდან თარგმნა ლევან ლორთქიფანიძემ.

Leave a comment