ულოფ პალმე – რატომ ვარ დემოკრატი სოციალისტი?

oluf-palme11-e1465831187537

შვედეთის პრემიერ-მინისტრის – ულოფ პალმეს მიერ წარმოთქმული სიტყვა 1982 წლის წინასაარჩევნო სატელევიზიო დებატების მიმდინარეობისას, როდესაც იგი მემარჯვენე ბანაკის ლიდერს – ტორბიონ ფელდინს დაუპირისპირდა.

„ ფელდინი მამუნათებს და ჩემგან მოითხოვს ავხსნა, თუ რატომ ვარ სოციალისტი …

მე დემოკრატი სოციალისტი ვარ, რასაც სიამაყითა და სიხარულით ვაცხადებ. ასეთი მაშინ გავხდი, როდესაც ინდოეთში ვიმოგზაურე და გადავაწყდი საშინელ სიღარიბეს, რომელიც მოქალაქეთა უმცირესი ნაწილის განსაკუთრებული სიმდიდრის მიუხედავად მაინც შესამჩნევი გახლდათ. დემოკრატი სოციალისტი მაშინ გავხდი, როდესაც მოგზაურობისას აღმოვაჩინე თავისებური, განსაკუთრებით დამამცირებელი სიღარიბე ამერიკის შეერთებულ შტატებში. დემოკრატი სოციალისტი მაშინ გავხდი, როდესაც საკუთარი თვალით ვნახე ტირანია, ჩაგვრა და დევნა, რომლითაც კომუნისტური სახელმწიფოები საკუთარ ხალხს უსწორდებოდნენ. ასეთი მაშინ გავხდი, როდესაც მივედი ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში და დახოციალ სოციალ-დემოკრატთა და პროფკავშირელთა სიებს გავეცანი.

ასეთი მაშინ გავხდი, როდესაც გავაცნობიერე, რომ შვედეთის დემოკრატიას საფუძველი სოციალისტებმა ჩაუყარეს; როდესაც გავიაზრე, რომ 1930-იან წლებში სწორედ სოციალ-დემოკრატიამ გადაარჩინა ქვეყანა სიღარიბისა და უმუშევრობისაგან თავისი ანტიკრიზისული პოლიტიკის წყალობით. ასეთი მაშინ გავხდი, როდესაც თავად ვიღებდი მონაწილეობას საპენსიო სისტემის მუშაობაში. იმ დროს პრივილეგირებული ფენებისთვის „სოციალიზმის კამპანიები“ ეწყობოდა, რიგით დასაქმებულებს კი მხოლოდ ის სურდათ, რომ სიბერეში უსაფრთხოდ ეცხოვრათ, დაცულად ეგრძნოთ თავი …

მე დემოკრატ სოციალისტად ტაგე ერლანდერთან (შვედეთის ლეგენდარული პრემიერი და სოციალ-დემოკრატთა ლიდერი თითქმის 25 წლის განმავლობაში) თანამშრომლობის საფუძველზე ჩამოვყალიბდი, როდესაც გავაცნობიერე თუ რა არის დემოკრატიისა და ჰუმანიზმის ნამდვილი არსი. ჩემზე გავლენა მოახდინეს ახლო მეგობრებმა – ვილი ბრანდტმა, ბრუნო კრაისკიმ, ტიგვე ბრატელიმ (გერმანიის, ავსტრიისა და ნორვეგის ლიდერები), რომელთაც საკუთარი სიცოცხლე გარისკეს ადამიანთა ღირსებისთვის ბრძოლაში.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩემი რწმენა ძლიერდება, როდესაც თანამედროვე მსოფლიოს ვაკვირდები; როდესაც ვხედავ ომებს, შეჯიბრებას შეიარაღებაში, მასობრივ უმუშევრობასა და ადამიანებს შორის არსებულ უზარმაზარ უთანასწორობას. მე მიმყარდება რწმენა, როდესაც ჩვენსავე ქვეყანაში ვამჩნევ, თუ როგორ იზრდება უსამართლობა, როგორ იმატებს უმუშევრობის დონე, როგორ იპყრობს ჩვენ ირგვლივ ყველაფერს სპეკულაცია და კორუფცია; როდესაც ვუყურებ, თუ როგორ განაპირობებს სხვადასხვა ქვეყნებში მემარჯვენე პოლიტიკა ხალხის უმუშევრობას. ისინი ანადგურებენ ადამიანის უსაფრთხოებას და თან ვერ ახერხებენ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას.

მე მიმყარდება დემოკრატიული სოციალიზმისადმი რწმენა, როდესაც მომავლისკენ ვიხედები. როგორც სჩანს, მემარჯვენები მომავლისთვის მხოლოდ მშრომელთა კიდევ უფრო მეტად გაღარიბებასა და მდიდრების კიდევ უფრო მეტად გამდიდრებას გვპირდებიან.  მემარჯვენეები გვპირდებიან მომავალს, სადაც სოციალური დაცვის ხარჯები შემცირდება და ერთეულთა ფეშენებელური იახტების რაოდენობა მოიმატებს; სადაც სოლიდარობა დასუსტდება და ეგოიზმი გაძლიერდება; სადაც ძლიერნი ყველაფერს მოიპოვებენ, რასაც კი მოისურვებენ, სუსტნი კი იძულებულნი გახდებიან დამორჩილდნენ ჩაგვრას, შევიწროვებასა და დამცირებას.

მე ნამდვილად დემოკრატი სოციალისტი ვარ! ვამაყობ, რადგან ვიცი რას მიაღწია დემოკრატიულმა სოციალიზმმა ჩვენს ქვეყანაში. მიხარია, რადგან ვიცი, თუ რამხელა მნიშვნელობის ამოცანები გვაქვს ჩვენ წინ გადასაწყვეტი მემარჯვენეთა უთავბოლო მმართველობის შემდეგ. მაქვს ჩემი იდეების გამარჯვების მტკიცე რწმენა, რადგან ახლა ხალხმა უკვე იცის, თუ რა ბედი ელით სამუშაო ადგილებს, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, როდესაც მემარჯვენეები იღებენ საკუთარ თავზე სახელისუფლებო პასუხისმგებლობას.

და მე ვარ დემოკრატი სოციალისტი, თან მხიარულად მეღიმება, რადგან ვიცი, რომ შვედეთის თანამედროვე ისტორია სავსეა რეფორმებით, რომელიც თქვენ საშინელ სოციალიზმად გამოაცხადეთ. შემდეგ კი, როდესაც ხალხმა ეს რეფორმები გამოსცადა და შეიცნო მისი რეალური არსი, ცდილობდით შედეგები საკუთარ მიღწევად გაგესაღებინათ.

ნამდვილად, ფელდინ, მე დემოკრატი სოციალისტი ვარ! მსგავსად ბრანტინგისა, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში საყოველთაო საარჩევნო სისტემა დაამკვიდრა. მსგავსად პერ-ალბინისა, რომელიც 1930-იან წლებში უმუშევრობას ებრძოდა და „სახალხო სახლის“ (კეთილდღეობის სახელმწიფოს) იდეით გამოდიოდა. მსგავსად ერლანდრისა, რომელმაც გააფართოვა სოციალური დაცვისა და საპენსიო სისტემები, რადგან ეს ყველაფერი სოლიდარობასა და ადამიანების ერთმანეთზე ზრუნვას უკავშირდება.

მე დემოკრატი სოციალისტი ვარ და მერე რა, ფელდინ !!!”

 

თარგმნა ლევან ლორთქიფანიძემ და თვალი შეავლებინა გიორგი ხატიაშვილს, რომელმაც ემოციურ-რიტორიკული რეგისტრებისა და დვრიტის შენარჩუნებას დაუჭირა მხარი. ითარგმნა შემდეგი ბმულიდან >>> olofpalmespeech .

Leave a comment