ქალაქ-სახელმწიფო, სადაც პოეზია, სილამაზე და ჯანმრთელობა ურჩევნიათ სიმდიდრეს

2021 წლის დასაწყისში გამომცემლობა „ალონმა“ გამოაქვეყნა მწერალ ნაირა გელაშვილის ახალი საბავშვო რომანი „ლურჯი სახლი ქალაქ ანთინარში“, რომელშიც ერთი საოცარი და განსაკუთრებული სახელმწიფოს, მისი ბინადრების ამბავია მოთხრობილი. თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის ზოგიერთი ნიმუშისგან განსხვავებით წიგნი ფანტასტიკური მოვლენებითა და არაამქვეყნიური ურჩხულებით არ არის გადატვირთული. ნაწარმოების მიზანი მხოლოდ ბავშვების გართობა და გამხიარულება არ გახლავთ. „ანთინარი“ არის ზღაპარი, რომელიც მკითხველს ასწავლის, თუ როგორი უნდა იყოს კარგი ქვეყანა, როგორ უნდა იმართებოდეს იგი, რა საყრდენებზე უნდა შენდებოდეს მისი საფუძველი და რა ტიპის შრომა და შემართებაა საჭირო ნორმალური სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად. მაშასადამე, ახალი რომანი „ბავშვებისთვის, მოზარდებისა და გაზრდილებისათვის“ ერთგვარ კომპასს წარმოადგენს, რომელიც უკეთესი სამყაროს ყველა მაძიებელს გზას უჩვენებს.

რითი არის გამორჩეული ქალაქი ანთინარი?

  • თვალხილული მშვენიერება

            თავდაპირველად ყურადღება ქალაქის გარეგნულ სილამაზესა და იერსახეზე გავამახვილოთ. ანთინარში ვერსად ნახავთ მაღალ კორპუსებს, რომლებიც „რქებით აწვებიან ბუნებას, ახშობენ ცას, მზეს, სივრცეს, ლამაზ ლანდშაფტებს“. თითოეულ სახლს ერთი ან ორი ბაღიანი ბანი და რამდენიმე რიკულებიანი აივანი მაინც ამშვენებს. ყველა სახლის კედელზე ვენახი ჰყვავის. შესაბამისად, ზღაპრის გმირები ანთინარს ხშირად უწოდებენ „ბანებიან-აივნებიან, ბაღ-სახურავებიან ქალაქ-ვენახს“. ქალაქის ცენტრში საოცარი შადრევანი ჩქეფს, რომელიც შესანიშნავი სპეციალისტის, დრეის დახმარებით დროდადრო სხვადასხვა ყვავილის (ვარდი, ზამბახი, ჩიტისთვალა) ფორმას იძენს. ქალაქის ცენტრი ოთხი მდინარისა და ოთხი ხეივნის გადაკვეთაზე მდებარეობს. მდინარეთა ადიდება მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, რადგან ქალაქის მშენებლებს ჭალებისთვის ხელი არ უხლით, სანაპიროზე უბნები არ გაუშენებიათ. მოვარდნილი წყალი მხოლოდ მიმდებარე ველებს რწყავს და მალევე უბრუნდება თავის კალაპოტს, დანამულ მინდვრებში კი სამკურნალო მცენარეები და ყვავილები ხარობენ. „მდინარეებში ხშირად დაინახავთ ფერად-ფერად ნავებს, რომლებშიც უმეტესად ახალგაზრდები სხედან და ენერგიულად უსვამენ ნიჩბებს“. მთავარი მოედნის უფრო მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა ძეველი კოშკია, რომელსაც ლურჯმტევნებიანი ვაზი ფარავს. კოშკს ვეება საათიც ამშვენებს, საათი ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან საიდუმლოს ინახავს.

ანთინარი პატარა ბორცვზე მდებარეობს, რომელსაც თავზე წმინდა მთა დაჰყურებს. წმინდა მთაზე კი სამი ტაძარი დგას, ერთი წითელ ვარდებშია ჩაფლული, მეორე -ყვითელში, მესამე კი თეთრში.

„ქალაქ-ვენახში“ სამეცნიერო დაწესებულებების, მუზეუმებისა და ხელნაწერთა ცენტრების გარდა, შეგიძლიათ დიდი მეფის, ჰერაკლიუსის სასახლესაც მიაკვლიოთ.

ანთინარს გარს აკრავს მდინარე ილიაზის ველი, რომელზეც „ვარდისა და ლავანდის, ჟოლოს, მოცხარისა თუ რეჰანის, ჩაისა თუ თუთიის, ზეთისხილისა  თუ მზესუმზირის პლანტაციებს, ვენახებსა და ყანებს“ ამომავალი მზე ახასხასებს ხოლმე. პლანტაციების ბოლოს, ქალაქ-სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალი სოფლების გადაღმა კი თოვლით დაფარული მწვერვალებია აღმართული.

ქალაქის სილამაზეს მოსახლეობის ერთი რწმენა-წარმოდგენაც განაპირობებს. ანთინარელები ფიქრობენ, რომ ცოტაოდენი კარნავალი ყოველთვის უნდა ახლდეს ცხოვრებას, ამიტომ ქუჩებში „ვიღაცები ულამაზეს თეთრ და წითელ ჩოხებში გამოწყობილან, ვიღაცას რომაული ტოგა მოუსხამს და ველოსიპედს მიაქროლებს… იქით კაფეში ეგვიპტელი ფარაონი და ესპანელი რაინდი სატაცურის სუპს მიირთმევენ …“. ქალაქის კარიბჭესთან, ვეება ლურჯ ლოდსა და ოქროსფერ დროშას შორის მდებარე უზარმაზარ ხეზე თუ აცოცდებით, ილიაზის ველის ზემოთ მოფარფატე თანამედროვე დირიჟაბლებსაც შეამჩნევთ, რომლის კალათებშიც მხიარული ადამიანები სხედან და სხვადასხვა ფერის ალმებს აფრიალებენ.

რატომ არის ანთინარი ასეთი განსაკუთრებული და მშვენიერი? მიზეზი მარტივია, „ქალაქ-ვენახის“ მოქალაქეები დედაბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობენ, ხელს არ უშლიან მის წიაღში მიმდინარე პროცესებს და ცდილობენ მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში, მინიმალური ძალისხმევით ჩაერიონ მთების, მდინარეების, ტყეების, ცხოველებისა და მცენარეების სიცოცხლეში. ქალაქის სილამაზის საფუძველი ბატონი დრეის მსგავსი პროფესიონალების ფანტაზია და ყველა ცოცხალი არსების მიმართ გამოხატული პატივისცემა  გახლავთ. ირგვლივ იშვიათად შევხვდებით გამორჩეულ მშვენიერებას, რომელსაც მემკვიდრეობა არ უმაგრებს ზურგს. წარმოიდგინეთ, რამდენი რამ დააკლდებოდა ბაღ-სახურავებიან დასახლებას, მის სულს დიდი ჰერაკლიუსის ძველი და მოკრძალებული სასახლის გარეშე.

მაშასადამე, დედამიწისა და სიცოცხლის სიყვარული, ფანტაზია და წარსულიდან მიღებული განძის მოვლა-პატრონობა ანთინარის სილამაზის ფორმულად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

  • ღირებულებითი საყრდენები

ანთინარი მალევე განადგურდებოდა და გავერანდებოდა, მის მაცხოვრებლებს თანამედროვე საქართველოში გამეფებული კულტურული თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტანდარტებით რომ ეხელმძღვანელათ. ქალაქ-სახელმწიფოს მშვენიერება მოქალაქეთა შინაგანი სამყაროს მრავალფეროვნებიდან და სიმდიდრიდან მომდინარეობს.

რა იდეების მიმდევარნი არიან ანთინარელები?

ნაირა გელაშვილი 1989 წელს გამოქვეყნებულ თავის ცნობილ წერილში „ტექნოკრატია, ეკოლოგია, პოეზია“ ორი დიდი გერმანელი შემოქმედის – ფრიდრიჰ ჰიოლდერლინისა და მარტინ ჰაიდეგერის ნაშრომების მოხმობით ამგვარ შეხედულებას აყალიბებს: „ძველი ადამიანი აღსავსე იყო მადლიერებით ამ დიდებული საჩუქრის, „უთვალავფერიანი ქვეყნის“ გამო, მადლის – ცოცხალი და ლამაზი სამყაროს გამო, რომელიც მას არ დაუმსახურებია, რადგან სამყარო მანამდე ებოძა კაცს, ვიდრე ის რაიმეს დაიმსახურებდა; რადგან ეს არის სწორედ ჭეშმარიტი საჩუქრის ანუ მადლის აზრი, რომ ის დამსახურების გარეშე ეძლევა ადამიანს, და მან ის მერე უნდა დაიმსახუროს: დააფასოს და გაუფრთხილდეს მას, ანუ მადლს მადლიერებით უპასუხოს.“ საქართველოს მწვანეთა მოძრაობის უმთავრეს მანიფესტში გამოთქმული მოსაზრება საბავშვო რომანში ხელახლა ცოცხლდება. სამყაროს შემქმნელის მიმართ სიყვარული, მის მიერ ბოძებულ საჩუქარზე ზრუნვა და დედამიწაზე მადლიერების გრძნობით ცხოვრება „ქალაქ-ვენახის“ ღირებულებათა სისტემის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია.

მექსიკაში, „მესამე სამყაროს“ ქვეყნების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით გამართულ ერთ-ერთ კონფერენციაზე მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის დიდმა ევროპელმა მოღვაწემ, ბუნდესტაგის წევრმა პეტრა კელიმ ერთი ძალიან საინტერესო თეზისი გაახმოვანა. ქალმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ სოციალური მოძრაობების ამოცანა მხოლოდ ჩაგრული კლასებისა თუ ერების გულისტკივილის დღის სინათლეზე გამოტანა არ უნდა იყოს. კელი აღნიშნავდა: „მოძრაობა უნდა იქცეს მათ დამცველად, ვისაც საკუთარი ხმა არა აქვს, საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს, მათ შორის ვეშაპების, სპილოების, დელფინების, ამ პლანეტის მცენარეებისა და ყვავილების.“ სამი ათწლეულის წინ ნათქვამი ფრაზის შინაარსი დღემდე არ კარგავს აქტუალობას, რადგან განვითარებულ ქვეყნებს მას შემდეგ ბევრი არაფერი გაუკეთებიათ იმისათვის, რომ  ბუნება ადამიანის სიხარბისგან დაეხსნათ. საწინააღმდეგო ვითარებას ვაწყდებით ანთინარში. ქალაქ-სახელმწიფოში თავისი კუთვნილი ხმა აქვს ყველას, „ანთინარის მოქალაქეებად მხოლოდ ადამიანები კი არა, არამედ ცხოველებიცა და მცენარეებიც მიიჩნევიან“ და თანასწორი უფლებებით მონაწილეობენ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში. რატომ ათანასწორებენ ანთინარში ადამიანებს, ცხოველებსა და მცენარეებს? ბანებიან-აივნებიანი დასახლების კონსტიტუცია ვაჟა-ფშაველას პოეზიის ნიმუშებსაც აერთიანებს („ხევი მთას ჰმონებს, მთა ხევსა, წყალნი ტყეთ, ტყენი-მდინარეს“). მოქალაქეებმა იციან, რომ ყველანი ორგანულ მთლიანობას წარმოვადგენთ, ორგანული მთელის ნაწილი ვართ, საერთო წესრიგს ვექვემდებარებით და აქედან გამომდინარე, დამოკიდებულები ვართ ერთმანეთზე. მაშასადამე, სამყარო ერთი ოჯახია, ოჯახის ცალკეული წევრის დაზიანება კი ძირს უთხრის მთლიანობას.

საქართველოს განათლების სისტემის მესვეურთა მიერ სასკოლო პროგრამიდან ამოღებულ პოემაში „აჩრდილი“ ილია ჭავჭავაძე „შრომის სუფევას“ შესახებ წერს:

„და ამ ზვიადმა საუკუნემა

უნდა შვას იგი შრომის სუფევა,

წართმეულთ ნიჭთა კვლავ მოიპოვება,

სხვას ძირს არ დასწევ, თვით ამაღლდები,

არცვის ემონვი და არც იმონებ.“

ავტორი საუკუნის მისიად აცხადებს ნამდვილ ემანსიპაციას, დაქვემდებარებისა და ექსპლუატაციისგან გათავისუფლებას, შრომას, რომელიც ადამიანის თვითრეალიზებას ემსახურება. ილია ჭავჭავაძის „შრომის სუფევის“ კონცეფცია ხორცშესხმულია ილიაზის ველზე მდებარე სახელმწიფოს ყოველდღიურობაში: „ანთინარისათვის დაუშვებელია შრომა, რომელიც სულიერად ფიტავს და ფიზიკურად აავადებს ადამიანს. შრომას სიხარული უნდა მოჰქონდეს“.

            ანთინარის წეს-წყობილება არ არის აგებული მხოლოდ ჰუმანიტარული სამყაროს უდიდეს წარმომადგენელთა მსოფლმხედველობაზე. ნაირა გელაშვილის წიგნში მრავალგზის ვხვდებით ცნობილი სერბი ფიზიკოსის ნიკოლა ტესლას შეხედულებებს. მოგეხსენებათ, მეცნიერს მიაჩნდა, რომ სამყარო უშრეტი ენერგიის წყაროა, ადამიანს კი შეუძლია ენერგიის მიღება (მათ შორის კოსმოსიდან) ეთერის საშუალებით („ეთერის ჰიპოთეზა“). ცხადია, რომანში ტესლას თეორიის საიდუმლოება ამოხსნილი არ არის, მაგრამ ანთინარელები მხოლოდ მზის, ქარისა და განახლებადი ენერგიის სხვა წყაროებით სარგებლობენ, უარს ამბობენ შიდაწვის ძრავების გამოყენებაზე და სჯერათ, რომ მეცნიერება ადრე თუ გვიან გაიკვლევს გზას დიდი ბუნებისმეტყველის მიერ დასახული მიზნისკენ.

„ქალაქ-ვენახში“ ყველას სწამს, რომ განათლება და ჯანმრთელობა პრივილეგია არ უნდა იყოს. ცოდნის მიღებისა და ტკივილის გარეშე ცხოვრების უფლება ყველას აქვს. ანთინარში არ არსებობენ მიტოვებულები და უსახლკაროები. აქედან გამომდინარე, ბანებიან-აივნებიან, ბაღ-სახურავებიან რესპუბლიკაში საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, საავადმყოფოებსა და სანატორიუმებში ადამიანებსა თუ ცხოველებს უფასოდ ემსახურებიან, სამთავრობო საბინაო პოლიტიკის წყალობით კი ქალაქში ყველას ეგულება თავისი კერა.

საერთოდ, ანთინარი ზრუნვაზე დგას, მთავრობა მოქალაქეებზე ზრუნავს, მოქალაქეები კი ერთმანეთზე. ანთინარელები არ არიან ხარბები და ძუნწები, რადგან ხელმძღვანელობენ შოთა რუსთაველის აფორიზმით, მათი კონსტიტუციის უმთავრეს პარაგრაფს რომ წარმოადგენს „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“. „ქალაქ-ვენახში“ მტრობენ ეგოიზმს, მხოლოდ საკუთარი ბედნიერებისთვის თავგამოდებას, მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის ბრძოლას. აქ ფიქრობენ, რომ ნამდვილი სიხარული მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც შენი მოქმედებით სხვის გახარებას ახერხებ. ალბათ, ამიტომაც აწერია ქალაქ-სახელმწიფოს გერბს: „გაახარე, გაიხარე!“.

  • თანამედროვე ინსტიტუტები

ქვეყნად ბევრს უტრიალებს თავში ჰუმანისტური იდეები, ბევრი ახერხებს ბოროტისა და კეთილის ერთმანეთისგან გამიჯვნას, მაგრამ უჭირთ საკუთარი ღირებულებების სინამდვილეში დანერგვა. ანთინარი ამ მიმართულებითაც განსაკუთრებული ქალაქ-სახელმწიფოა, რომელიც თავისი კონსტიტუციის პრაქტიკული რეალიზებისთვის არაერთ თანამედროვე ინსტიტუტს ამუშავებს.

შეუძლებელია მოკრძალებულ მიმოხილვაში ყველა იმ მექანიზმზე საუბარი, რომლის შესახებაც ნაირა გელაშვილი თავის საბავშვო რომანში დაწვრილებით მოგვითხრობს. ანთინარის ირგვლივ მდებარე სოფლებში მოქმედებს „მწვანე უნივერსიტეტები“, სადაც სტუდენტებს ცოდნის მიღების გარდა, თავისუფალ დროს სასწავლებლის ტერიტორიების საკუთარი ნებისამებრ მოწყობა შეუძლიათ; თოვლიანი მთების ძირას გაშენებულია სანატორიუმები, რომლებიც მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და ხარისხიან დასვენებაზე ზრუნავენ; ქალაქის ერთ-ერთ უბანში მხოლოდ მეცნიერები ცხოვრობენ, რომლებიც თავიანთ ბიბლიოთეკებსა და ლაბორატორიებში დღენიადაგ იკვლევენ სახელმწიფოს განვითარების ხელშემწყობ სფეროებს; საათიანი კოშკი ყოველწლიურად მასპინძლობს ერთ ცნობილ მწერალს, რათა მან ქალაქის დახმარებით ახალი ნაწარმოებები შექმნას; ანთინარი ძალიან კარგად აფინანსებს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ხელოვნებასა და მის წარმომადგენლებს, რადგან „არ შეიძლება ადამიანს მხოლოდ გონება ჰქონდეს განვითარებული და სული გახევებული. ასეთი ადამიანი ქვეყანას სიკეთეს ვერ მოუტანს, გინდაც ამა თუ იმ დარგის ბრწყინვალე სპეციალისტი იყოს, რადგან ვერ იგრძნობს, თუ რას განიცდის მეორე ადამიანი“; ბაღ-სახურავებიანი ქალაქის შორიახლოს მდებარე სოფლებში აკრძალულია შხამ-ქიმიკატების გამოყენება და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი არაჩვეულებრივი მონდომებით ებრძვის არაორგანული სასუქების გავრცელებას; ქვეყანაში მხოლოდ 3-4 საათით მუშაობს ინტერნეტი, რათა ადამიანები ციფრულ სამყაროს სრულად არ მიეჯაჭვონ; ანთინარში აკრძალულია რეკლამების საშუალებით ხელოვნების ნაწარმოებთა დაქუცმაცება, უგემოვნო ბანერებით ქალაქის დამახინჯება და ა.შ.

ინსტიტუტების ვრცელი ჩამონათვალიდან ჩემი განსაკუთრებული ყურადღება ორმა მათგანმა მიიქცია.

ანთინარის შრომის კანონმდებლობა ოდნავ წააგავს და ათასგზის სჯობს სკანდინავიის ქვეყნებში დამკვიდრებულ წესრიგს. ნაირა გელაშვილის მიერ შექმნილ სამყაროში ფიქრობენ, რომ „ადამიანმა წელიწადის ყველა დრო უშუალოდ უნდა განიცადოს, რათა სიცოცხლის ნიუანსები იგრძნოს, რათა ჯანმრთელობა განიმტკიცოს, ბუნების ლამაზი სურათ-ხატები ჩაებეჭდოს სულში და ფანტაზია განუვითარდეს“. აქედან გამომდინარე, „ქალაქ-ვენახის“ მოქალაქეები წელიწადში სამჯერ ოც-ოცი დღით ისვენებენ. ევროპის ყველა განვითარებული ქვეყნის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, პოლიტიკოსების მთავარი დაპირება თითოეული მოქალაქისათვის მეტი თავისუფალი დროის უზრუნველყოფა გახლავთ. ანთინარში საკითხი გადაწყვეტილია და დავის საგანს აღარ წარმოედგენს. კონსტიტუციის მიხედვით, მოქალაქეები დღის განმავლობაში მხოლოდ 5 საათით შრომობენ, დანარჩენ დროს კი სხვებზე ზრუნვასა და საკუთარ ზრდაზე მუშაობაში ატარებენ. საოცარია!

თანამედროვე მსოფლიოს მოწინავე, ყველაზე ბედნიერი სახელმწიფოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა საშინაო შრომის, დედათა და ქალთა შრომის დაფასება გახლავთ. „დედა და შვილი, საერთოდ ოჯახი, ქალაქ ანთინარის მთავარი საზრუნავია“. აქ დედები ხელფასს ბავშვის აღზრდაში იღებენ, ვიდრე იგი 12 წლის არ გახდება. მათ შეუძლიათ ხელფასით თავიანთი დამხმარე ქალის შრომა აანაზღაურონ. ყველა დედას, თუ სურვილი აქვს შეუძლია დღეში რამდენიმე საათით დატოვოს ბავშვი და დრო სასწავლებელში ან სამსახურში, ბუნებაში ან მეგობრებთან ერთად გაატაროს. დაქორწინებამდე ოჯახის დეპარტამენტში სპეციალური გამოცდის ჩაბარება უწევთ პოტენციურ მამებსაც, რომელთაც ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდნენ ბავშვის მოვლა-პატრონობა, რათა ღირსეული როლი შეასრულონ მის აღზრდაში და გაიზიარონ დედათა ტვირთი. დედამიწის ზურგზე სადმე ასეთი მექანიზმი გინახავთ? თავად პრობლემის ამგვარ გადაწყვეტას არსად შევხვედრივარ.

  • მდიდარი წარმოება

გარეგნული მშვენიერების, ღირებულებათა სისტემისა და ადამიანების ბედნიერებაზე მომართული ინსტიტუტების აღწერის შემდეგ, ალბათ, ბევრმა იფიქრეთ, რომ ავტორი მართლაც უტოპიას, ზღაპარს გვიხატავს. მკითხველთა ნაწილი ივარაუდებს, რომ ანთინარი ძლევამოსილი ჯადოქრის დიდი გარჯის შედეგად შექმნილი პოლისია. არადა, არაფერია შეუძლებელია, თუ ზემოთ აღწერილი მსოფლმხედველობის საფუძველზე, ადამიანები თავდაუზოგავად და მუყაითად შრომობენ, ზრუნავენ ერთმანეთზე და სიმდიდრეს პოეზია, სილამაზე და ჯანმრთელობა ურჩევნიათ.

ანთინარი მწარმოებელი ქვეყანაა, რომელიც მზისა და ქარის ენერგიას ბლომად გამოიმუშავებს. ქალაქის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ფერადი ღილების, მინანქრის, ნაქსოვ-ნაქარგის, თიხისა და ხის სახელოსნოები. შორს აქვთ სახელი გავარდნილი „ქალაქ-ვენახის“ სამკერვალოებსა და აბრეშუმის ქარხნებს. სახელმწიფო გამოირჩევა კარგი ღვინისა და თაფლის, ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სამკურნალო მცენარეებისა და ბუნებრივი საპნების წარმოებით. ანთინარელებმა მოახერხეს სახელმწიფოს მთავარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, სადარისის (არც თუ ისე შემთხვევითი სახელწოდებაა) ოქროს უძველესი მაღაროს დაკონსერვება, მის ირგვლივ კი კვლავ აგრძელებენ ძვირფასი ლითონების მოპოვებასა და დამუშავებას. ბანებიან-აივნებიანი, ბაღ-სახურავებიანი დასახლებისთვის დამატებითი შემოსავალი მოაქვთ მეცნიერებსა და მათ ლაბორატორიებს, სამკურნალო დაწესებულებსა და მეფე ჰერაკლიუსის სასახლეს. მოკლედ, სიმდიდრის შექმნა ყველა პატარა ქალაქშია შესაძლებელი, მთავარია მოქალაქეებმა მისი გულკეთილად განაწილება იცოდნენ და სხვების უბედურების ხარჯზე არ ცდილობდნენ საკუთარი ბედნიერების მიღწევას.

  • განსაკუთრებული რწმენა

ანთინარი მატერიალისტური ქალაქი არ გახლავთ. პატარა რესპუბლიკაში სჯერათ, რომ ამ სამყაროში მარტო არ არიან. ღმერთს ანთიანარელები „ა-ჰა“-ს უწოდებენ. რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი ვარაუდობს, რომ ამ სახელით ადგილობრივები სხვა სახელს ფარავენ, რადგან არ უნდათ მისი ხშირი და უაზრო ხსენება, ისინი უზენაესს უფრთხილდებიან. ილიაზის ველის მაცხოვრებლები ხის სამ პატარა, მრგვალ, სხვადასხვა ფერის ვარდებით დაფარულ ტაძარში ლოცულობენ. ყვითელი ვარდებით დაფარულ ტაძარში მეფე ჰერაკლიუსის თანამედროვე მისანს ძინავს და არავინ იცის, როდის გაიღვიძებს და რას იტყვის. ხალხი თაყვანისცემას ხეებისა და ყვავილების დარგვითა და გახარებით გამოხატავს.

 ანთინარელთა  ერთი განსაკუთრებული საიდუმლო ეს არის მთავარ მოედანზე მდებარე კოშკის უზარმაზარ საათში ჩამწყვდეული ბავშვი, რომელიც მხოლოდ პირველ საათზე ამოდის დღის სინათლეზე, რამდენიმე წამით დაენახება შეკრებილ ადამიანებს და სხვა არსებებს,  და კვლავ საათის სიღრმეში ბრუნდება.   პირველი საათის ბავშვი მარტოა, ყველას სიხარულს ანიჭებს, ვინც მას ელოდება. მას  შეუძლია მთელი ქალაქის, უფროსებისა და უმცროსების, კატებისა და მტრედების საერთო კეთილი მიზნით  გაერთიანება.  

დიდი მართლმადიდებელი მოძღვრის, ალექსანდრ მენის ერთ-ერთი წიგნი მრევლის წევრთა მიერ დასმულ კითხვებზე რუსი მოაზროვნის პასუხებს აერთიანებს (ალექსანდრე მენი (2012) შეკითხვები და პასუხები, კავკასიური სახლის გამომცემლობა). სასულიერო პირი თავისი დიდი ინტელექტისა და ღრმა რწმენის წყალობით მეტწილად წარმატებით ახერხებს საზოგადოების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას. პუბლიკაციაში ალექსანდრე მენმა მორწმუნეთა მხოლოდ რამდენიმე კითხვას ვერ გასცა პასუხი, მათ შორის ერთ-ერთი ამგვარად ჟღერდა: „რატომ კვდებიან ბავშვები?“. მღდვლის დუმილი დღემდე გულს მიკლავს.

ნაირა გელაშვილის რომანის „ლურჯი სახლი ქალაქ ანთინარში“ ბოლოს პირველი საათის ბავშვი ლურჯი ჭია-მაიას მსგავსი ხომალდით დედამიწიდან პლანეტა სირიუსზე მიემგზავრება. მის წასვლას მხოლოდ სევდა არ მოჰყოლია, ბავშვმა ქალაქს განსაკუთრებული საჩუქარი დაუტოვა და დადო პირობა, რომ ოდესღაც უკან დაბრუნდებოდა. ამასთანავე, იდუმალებით მოცული არსების გამგზავრების შემდეგ ასობით წლის წინ ჩაძინებულმა მისანმა გაიღვიძა, რომელმაც  ყველა ცოცხალ არსებასა და დედამიწაზე მზრუნველ ქალაქს უდიდესი ბედნიერების მომტანი წინასწარმეტყველება გაუმხილა. თეთრი ვარდებით დაფარულ ტაძრში გადანაცვლებულმა ქალმა ხალხს ამცნო: „ანთინარში ბავშვები აღარ დაიხოცებიან“. ამაზე დიდი მადლი, ალბათ, დედამიწის ზურგზე არ არსებობს.

პირველი საათის ბავშვის ასეთი განსაკუთრებული მნიშვნელობა, მისი წყალობით დამოაშკარავებული ამბები მიმტკიცებს რწმენას იმის შესახებ, რომ ამ პერსონაჟს ბევრი რამ აქვს საერთო მატერიალურ და არამატერიალურ სამყაროებს შორის შუამავალთან.

  • კეთილი მმართველი

წერილს ისე ხომ არ დავამთავრებ, რომელიმე მთავარ პერსონაჟზე აქცენტი რომ არ დავსვა? ყველა საქმეს მოთავე და პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზატორი სჭირდება. წიგნის ყველაზე შთამბეჭდავ ფიგურად ქალაქის მერი ანსელ მერმისიო მიმაჩნია. იგი ყველა იმ თვისებით არის აღჭურვილი, რომელიც ღირსეულ მმართველს უნდა ახასიათებდეს. ის შეყვარებულია, შეყვარებულია ერთ კონკრეტულ ადამიანზეც, თავის თანამოქალაქეებზეც და მთელ პოლისზეც. შეუძლია ფანქრით ხელში მიაკითხოს ყვავილებსა და ხეებს, მოისმინოს მათი საჭიროებები და ეცადოს პრობლემების გადაწყვეტას. მერმისიო რეპრესიების ნაცვლად ყოველთვის მოლაპარაკებების გზას ირჩევს, ცდილობს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში რაც შეიძლება მეტი არსება ჩართოს. შესანიშნავი ქალაქის თავს მუდმივი კავშირი აქვს ღვთის ნამდვილ მსახურებთან. საგულისხმოა, რომ ბ-ნი ანსელი ადგილობრივი არ არის, სხვა კუთხიდან ჩამოვიდა ილიაზის ველზე და მაინც მოახერხა უცხო მხარის თავდავიწყებით შეყვარება. მდიდარ კაცს თავისი განძის გაორკეცებაზე არ უფიქრია, პირიქით, მან ოჯახის ქონების სოლიდური ნაწილი მეორე სახლად ქცეულ „ქალაქ-ვენახსა“ და მის განვითარებას შესწირა. ალბათ, ყველა ნამდვილი ლიდერის მახასიათებელი უნდა იყოს ოპტიმიზმი და ჭეშმარიტ წინამძღოლს მერმისიოს მსგავსად არ უნდა უჭირდეს შემდეგი სიტყვების წარმოთქმა: „შეუძლებელი არაფერია!“

დასკვნის მაგიერ

არ არსებობს სიკეთე წინააღმდეგობის გარეშე. დიდებულ ანთინარს თანამედროვე მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობი მეთოდით მტრობენ. ალბათ, შეგიმჩნევიათ, როგორ ებრძვიან დედამიწაზე გაბატონებული ბოროტი ძალები სინათლის ყველა გამოვლინებას. ისინი ცდილობენ, ალტერნატივები მიჩქმალონ ან არარეალურ ოცნებებად გამოაცხადონ, მათ შესახებ არ ისაუბრონ, გაუდაბნოებული პლანეტის ოაზისებში არეულობები და გადატრიალებები მოაწყონ. მაგალითად, 2019 წელს ასე მოექცნენ ბოლივიის ინდიელ პრეზიდენტს ევო მორალეს, რომელიც ნეოლიბერალურ წესებს არ დაემორჩილა. გლობალური კაპიტალიზმის მსახურები მის წარმატებებზე ხმას არასდროს იღებდნენ, თითქოს ქვეყანა რუკაზე არც არსებობდა, მოგვიანებით დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი დაამხეს, ქვეყნიდან გააძევეს. თუმცა, ხუნტის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. ერთ წელიწადში ევო მორალესის ძალა კვლავ ტრიუმფით დაბრუნდა ხელისუფლებაში.

წიგნშიც დაახლოებით ასე ხდება. ქვეყნები, რომელთაც არ სურთ ანთინარში შექმნილი წესრიგის მთელ მსოფლიოში გავრცელება, შიდა არეულობებს უწყობენ მერმისიოს მთავრობას და მსოფლიოს რუკებიდან შლიან  მის ადგილმდებარეობას. მაგრამ ლიტერატურის მოყვარულებს გაგვიმართლა, ნაირა გელაშვილმა თავისი რომანის სახით რუკა გამოგვიგზავნა, რომლითაც ჩვენც შეგვიძლია ბანებიან-აივნებიან, ბაღ-სახურავებიან ქალაქ-ვენახს მივაკვლიოთ.

ცხადია, რიგითი პოლიტოლოგი მრავალშრიანი ლიტერატურული ნაწარმოების ყველა ღირშესანიშნავ დეტალზე ყურადღებას ვერ გავამახვილებდი. შევეცადე ჩემთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ მომეთხრო თქვენთვის. ბევრი რამ, ალბათ, გამომრჩა, ამიტომ წიგნი თავად უნდა წაიკითხოთ და დატკბეთ იუმორის, ღრმა აზრისა და მხატვრულობის ბედნიერი თანაარსებობით. რაც მთავარია,  ნაწარმოების ყველა მკითხველი დაინახავს, რომ   „კარგი ქვეყნის“ ასაშენებლად ჯადოქრობა არ არის აუცილებელი. ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანები პატიოსნად იშრომებენ, იზრუნებენ ერთმანეთსა და სასიცოცხლო სივრცეზე და პოეზიას, სილამაზესა და ჯანმრთელობას სიმდიდრეზე გაცილებით დიდ მნიშვნელობას მიანიჭებენ. ცხადია,  ასეთი ქალაქ-სახელმწიფო ჰარმონიაში იქნება სამყაროსთან და მის შემოქმედ ძალებთან, რაც, როგორც ნაწარმოები მიგვანიშნებს, ადამიანთა სიმშვიდისა და სიხარულის საფუძველია.   

ლევან ლორთქიფანიძე

Leave a comment