ვოლფგანგ ბორხერტი – მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება

ვოლფგანგ ბორხერტი – მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება

შენ, ქარხანაში მანქანასთან მომუშავე ადამიანო, თუ ხვალ ისინი გიბრძანებენ, რომ წყლის მილებისა და ქვაბების ნაცვლად ფოლადის მუზარადები და ტყვიამფრქვევები დაამზადო, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, დახლის უკან მომუშავე გოგონავ, ბიუროში მომუშავე გოგონავ, თუ ხვალ ისინი ყუმბარების დამზადებასა და სნაიპერის შაშხანებისთვის სამიზნეების დამაგრებას გიბრძანებენ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, ფაბრიკის მესაკუთრევ, თუ ხვალ ისინი გიბრძანებენ, რომ სურნელოვანი ფხვნილისა და კაკაოს ნაცვლად დენთი აწარმოო და გაყიდო, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, მკვლევარო ლაბორატორიაში, თუ ხვალ ისინი გიბრძანებენ, რომ აღმოაჩინო ახალი სიკვდილი ძველი სიცოცხლის წინააღმდეგ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, თბილად და მყუდროდ შინ დარჩენილო პოეტო, თუ ხვალ ისინი გიბრძანებენ, რომ სიყვარულის ნაცვლად სიძულვილს უმღერო, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, ექიმო ავადმყოფის საწოლთან, თუ ხვალ ისინი გიბრძანებენ, რომ მამაკაცები სამხედრო სამსახურისთვის ვარგისად ჩაწერო, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, კანკელთან საქადაგებლად გამოსულო მოძღვარო, თუ ხვალ ისინი სიკვდილის კურთხევასა და ომის სიწმინდედ გამოცხადებას გიბრძანებენ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, გემის კაპიტანო, თუ ხვალ ისინი ხორბლის ნაცვლად ზარბაზნებისა და ტანკების გადაზიდვას გიბრძანებენ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, პილოტო აეროდრომზე, თუ ხვალ ისინი ქალაქების თავზე ბომბებისა და ფოსფორის გადმოყრას გიბრძანებენ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, საკუთარ მაგიდასთან მომუშავე მკერავო, თუ ხვალ ისინი უნიფორმების შეკერვას გიბრძანებენ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, მოსამართლევ მანტიაში, თუ ხვალ ისინი ტრიბუნალში მონაწილეობას გიბრძანებენ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, რკინიგზელო, თუ ხვალ ისინი სამხედრო მატარებლებისთვის მწვანე შუქის ანთებას გიბრძანებენ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, წვევამდელო სოფლად და ქალაქად, თუ ხვალ ისინი მოვლენ და ომში გაწვევის ბრძანებას მოგიტანენ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვი: არა!

შენ, დედავ ნორმანდიასა თუ უკრაინაში 🇺🇦, სან-ფრანცისკოსა თუ ლონდონში, ხუანხესა თუ მისისიპის ნაპირას …

შენ, დედავ ნეაპოლსა თუ ჰამბურგში, ოსლოსა თუ კაიროში!

დედებო ყველა კონტინენტისა, მთელი მსოფლიოს დედებო, თუ ხვალ ისინი გიბრძანებენ, რომ გააჩინოთ ბავშვები, რომლებიც ომის ლაზარეთებისთვის მედიცინის დები და ახალი ბატალიონებისთვის ჯარისკაცები გახდებიან, მაშინ მხოლოდ ერთი გზა რჩება:

თქვით: არა!

რადგან თქვენ თუ „არას“ არ იტყვით, დედებო,

თქვენ თუ „არას“ არ იტყვით, მაშინ:

ხმაურიან, ორთქლში გახვეულ სანავსადგურო ქალაქებში გემები კვნესით დადუმდებიან, გიგანტური მამონტის გვამებივით იტივტივებენ წყალზე და დაცარიელებული სანაპიროს კედლებს მიეხეთქებიან; მათი ოდესღაც მოციმციმე სხეული დაიფარება წყალმცენარეებითა და მიდიებით, და აყროლდება მკვდარი, გახრწნილი თევზების სუნით.

ტრამვაის უსარგებლო და გაფუჭებული ვაგონები, როგორც უაზრო, ნათებადაკარგული, შუშისთვალა გალიები, ეყრებიან მავთულებისა და ლიანდაგებისგან დახლართული ფოლადის ჩონჩხების გვერდით, დამპალი და დახვრეტილი ჩარდახების ქვეშ, უკაცრიელ და ღრმულებით დაფარულ ქუჩებში.

სქელი, ტალახისა- და ტყვიისფერი სიჩუმე გავრცელდება ყველგან, გაიზრდება, ხარბად მიიტაცებს სკოლებს, უნივერსიტეტებს, თეატრებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს… საშინელი და გაუმაძღარი, შეუჩერებელი და აუტანელი სიჩუმე.

მზიანი და წვნიანი ყურძენი განადგურებულ ფერდობებზე დალპება, ბრინჯი გამომშრალ მიწაში გახმება, კარტოფილი მოუვლელ მდელოებზე გაიყინება, ძროხები კი თავიანთ მკვდარ ფეხებს, მწველავის ამოტრიალებული სკამის მსგავსად, ცისკენ მიმართავენ.

ინსტიტუტებში გენიალურ ექიმთა გამოგონებები განადგურდება, დალპება, დაობდება.

სამზარეულოებში, სარდაფებსა და სათავსოებში, საკუჭნაოებსა და საწყობებში ფქვილის უკანასკნელი ტომრები, მარწყვის უკანასკნელი ქილები, გოგრისა და ალუბლის წვენის ბოლო მარაგები მოისპობა.

წაქცეულ მაგიდებსა და დამსხვრეულ თეფშებზე პური გამწვანდება, დაღვრილ კარაქს ქონის საპნის სუნი აუვა.

გათელილი ჯარის მსგავსად, დაჟანგულ გუთანთან ერთად მიწაში ჩაიმარხება მარცვლეულის ყანა, ქარხანათა ოდესღაც მხჩოლავი საკვამურები ბალახით დაიფარება და დაიშლება, დაქუცმაცდება, განადგურდება.

და შემდეგ უკანასკნელი ადამიანი, დაგლეჯილი ნაწლავებითა და მოშხამული ფილტვებით, მარტო დარჩენილი უპასუხოდ იხეტიალებს მომწამვლელად მანათობელი მზისა და მობარბაცე ცის ქვეშ, იხეტიალებს აურაცხელ საფლავს შორის, რომელთა შეუმჩნევლობა შეუძლებელი იქნება. იხეტიალებს გიგანტური, ჩაბეტონებული, მიტოვებული ქალაქების კერპებს შორის!

და შემდეგ უკანასკნელ ადამიანს, გამოფიტულს, ჭკუიდან შემცდარს, თავბედდაწყევლილსა და მგლოვიარეს აღმოხდება საშინელი გოდება: რატომ?

და მხეცად ქცეული ადამიანის უკანასკნელი ცხოველური ამოძახილი უპასუხოდ გაქრება სტეპებში, უპასუხოდ გაიქროლებს ნანგრევებს შორის, უპასუხოდ ჩაიკარგება ეკლესიისგან დარჩენილ ქვის ყორეში, მიენარცხება ბუნკერის კედლებს და ჩაიძირება სისხლის გუბეებში.

ეს ყველაფერი მოხდება ხვალ, შეიძლება ამ ღამითაც მოხდეს, თუ შენ არ იტყვი „არას“!

ავტორის შესახებ: http://mastsavlebeli.ge/?p=31970

Leave a comment